ახალი ამბები

მდინარაძე: პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე ადა მარშანიას განცხადება უსაფუძვლოა

22 იანვარი, 2017 • 1618
მდინარაძე: პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე ადა მარშანიას განცხადება უსაფუძვლოა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ტელეიმედთან საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი და “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას განცხადება არ არის საფუძვლიანი.

როგორც მდინარაძე ამბობს, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს უახლოეს დღეებში დააყენებენ და განიხილავს საკონსტიტუციო კომისია.

“იმასთან დაკავშირებით საუბარი, თუ სად იქნება პარლამენტი, გუშინ მსჯელობა არ ყოფილა და ვერც იქნებოდა თემების სპეციფიკიდან გამომდინარე. ეს საკითხი შემდგომში იქნება დაყენებული. თუმცა, თუ არ ვცდები, საპარლამენტო დედაქალაქთან დაკავშირებით ერთ-ერთმა [დეპუტატმა] აზრი გამოთქვა და თუ ეს მიიჩნია ქალბატონმა ადამ [შეთანხმებად], არ ვიცი. დაგიდასტურებთ, რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა და ეს განცხადებაც არ იყო საფუძვლიანი. ამაზე იქნება მომდევნო დღეებში საუბარი,” – განაცხადა “იმედის დროში” მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის დეპუტატმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან”, ადა მარშანიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის სასახლეში გამართულ სხდომაზე საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის ადგილმდებარეობის თბილისში გადმოტანაზე შეთანხმდა, ხოლო შეხვედრის სხვა მონაწილეები ამ განცხადებას ნაადრევად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით  მიღებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი