ახალი ამბები

ტელეარხი 25-ის ახალი მეწილე: მეგის ქარდავა ჩემი მეგობარია

15 ოქტომბერი, 2012 •
ტელეარხი 25-ის ახალი მეწილე: მეგის ქარდავა ჩემი მეგობარია

ბატონო ლევან, მომავალი პარლამენტარი ხართ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ტელევიზიის ფლობა გეკრძალებათ, არადა, გასულ კვირას გახდა ცნობილი, რომ „ტელეარხი 25“-შეგიძენიათ. რას უპირებთ ამ არხს?

კანონი პირდაპირ არ კრძალავს ფლობას, მართვას კრძალავს. დრო მაქვს, როგორც კი იურისტები დაამთავრებენ მუშაობას, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში.

ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას და ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრას?

არა, ჯერჯერობით არ ვაპირებ. რატომ?

პრაქტიკულად შეჩერდა ტელევიზიის მუშაობა. ჟურნალისტების ნაწილი პროტესტის ნიშნად ტოვებს ტელევიზიას. თქვენ რას ფიქრობთ ამ კრიზისზე?

ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ზუსტად იმიტომ, რომ ჟურნალისტებს არანაირი ზეწოლა არ ჰქონოდათ და თუნდაც თვითრედაქტირებაზე არ ეფიქრათ, მე გავაკეთე ის, რომ ჟურნალისტებს თავისუფლად ემუშავათ – საარჩევნოდ ეს არ გავახმაურე. პრინციპში, ვისაც უნდა სცოდნოდა – დირექტორი, საქმის კურსში იყო და დღესაც ის არის საქმის კურსში.

თქვენი დირექტორი ჟურნალისტებს თვეების განმავლობაში ატყუებდა. აპირებთ მის დატოვებას?

რას ატყუებდა?

ჟურნალისტებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ტელევიზია გაყიდეს, ის კი მათ უმტკიცებდა, რომ არხი არ იყო გაყიდულა.

ეგ ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა. მე ვთხოვე, არც ერთ ჟურნალისტზე არ ყოფილიყო ზეწოლა, ჟურნალისტები მიეშვა სამუშაოზე.

ამბობთ, რომ მიუხედავად თქვენი პარტიული კუთვნილებისა, არ ჩაერევით ტელევიზიის საქმიანობაში. ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ?

ჩარევა რომ ყოფილიყო ჩემი პარტიული მომენტიდან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ ჩავერეოდი. პარტია არაფერ შუაშია, ეს მინდა მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული. ეს გადაწყვეტილება რომ იყო მიღებული, მაშინ ჩემი პოლიტიკაში მოსვლა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში. მაშინ მე ჩემი პირადი ინტერესები მქონდა, არ იყო 25-ე არხი ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკება მქონდა. რაღაც პროექტის განხორციელებას ვაპირებდი, რისთვისაც მჭირდებოდა ტელევიზიის დრო 12 საათის შემდეგ.

ტელეარხ 25“-ზე თქვენი მოსვლის შემდეგ სტუდია ობიექტივთანგაფორმდა ოფიციალური ხელშეკრულება. ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობდა არხის დირექტორი. ობიექტივიცძირითადად 12 საათის შემდეგ მაუწყებლობს. თქვენ გადაწყვიტეთ ამ არხის ჩართვა?

ეს როდის მოხდა. ეს არ არის ჩემი პროექტის ნაწილი, მე სულ სხვა პროექტზე ვლაპარაკობ. უახლოესი ერთი წელი ჩემთვის ტელევიზია კიდევ არ იქნება საჭირო. მაგასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, დირექტორს ჰქონდა სრული თავისუფლება, რომ გაეგრძელებინა საქმიანობა. იყო მოთხოვნა, რომ თავიანთი თავი თვითონ შეენახათ, სხვა დანარჩენი კონტრაქტში ჩემი მითითებით არ ყოფილა. ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც დასჭირდებოდა, ისე ემოქმედათ.

ობიექტივსტოვებთ თქვენს ბადეში?

მართალი რომ გითხრათ, რაზე მელაპარაკებით, არ ვიცი. 25-ე არხი ეთერში სულ ერთი-ორჯერ ვნახე. ბადეში არ ვერეოდი და არც ვაპირებ ჩარევას.

თქვენს პარტნიორს თუ შეხვდით, რომელიც ჯართის ბიზნესით არის დაკავებული. ტელევიზიის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით ხედვების თანხვედრა გაქვთ?

არა, მე არ მომიცლია მაგისთვის.

ეს ტელევიზია ჩემთვის საინტერესო იყო ერთი მიმართულებით – მე ტელევიზიის სრული კონტროლი არ მჭირდებოდა, ბევრი საქმე მაქვს, რომელიც მოსავლელია, აქედან გამომდინარე, ალბათ გადავალაგებ ჩემს გეგმებს და შესაბამისად ვიმოქმედებ.

არხის გაყიდვის დღეს სახელმწიფომ ყოფილი მესაკუთრეების ახლობლებს მისცა სოლიდური ქონება. ეს გასაიდუმლოებული იყო. ახალ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან. თუ დადასტურდება სახელმწიფო ქონების უკანონოდ გადაცემა, გამორიცხავთ, რომ შეიძლება თქვენც შეგეხოთ ეს რაღაცნაირად?

გამოვრიცხავ, მონაწილეობა უნდა მიიღო დანაშაულში, რომ დანაშაულზე პასუხი აგო. ჩემი ურთიერთობა არხის მფლობელებთან შემოიფარგლა ხელშეკრულებით. მე კეთილსინდისიერი შემძენი ვარ.

იმ დღეს, როცა ტელევიზია იყიდეთ, სახელმწიფომ ყოფილი მფლობელების ახლობლებს აჩუქა 4 მილიონი დოლარის ქონება თბილისსა და ბათუმში. ამ ფაქტსა და იმას შორის, რომ თქვენ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენთ, კავშირს ვერ ხედავთ?

მე დღესაც უპარტიო ვარ, მათი წარდგენით ვარ მაჟორიტარი… თქვენ ამბობთ, რომ იმავე დღეს გადაეცათ ქონება, როცა ჩვენ ტელევიზია ვიყიდეთ, ეს შეიძლება დამთხვევა იყოს. კონკრეტულად ვინ და როგორ მიიღო ეს ქონება, გასარკვევია. მე აპრიორი რასაც ამბობთ, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ _ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. შესაბამისად, მე ამაზე პასუხს ვერ მოგცემთ. თუ გამოძიებას რაღაც კითხვები ექნება, რა კითხვებიც მე მეხება, აუცილებლად გავცემ პასუხს.

თქვენ აცხადებთ, რომ 800 ათასი ლარი გადაიხადეთ ტელევიზიაში. თუმცა არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ამ ტელევიზიის ყოფილმა მფლობელებმა მატერიალური და ფულადი სახით თითქმის 10 მილიონამდე დოლარის შემოსავალი მიიღეს.

ეს ზღაპარია, 10 მილიონი დოლარი არ ღირს არც ერთი რეგიონული ტელევიზია საქართველოში. კარგად ვიცი, რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მაგ ტელევიზიას 800 ათასი ლარისაც არ გააჩნია. მე სიხშირე მაინტერესებდა. ახალი სიხშირის აღება პრობლემა იყო, ზუსტად მაგიტომ ვარჩიე არსებულის შეძენა…

თქვენ შესახებ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, ითქვა, რომ თქვენ ხართ მეგის ქარდავას ძმა, ბიძაშვილი… რა კავშირი გაქვთ მეგის ქარდავასთან ან ახალაიებთან?

არა, ნათესაური კავშირი არ მაქვს. მეგის ქარდავას ძმა და მე ვართ სეხნიები. ჩვენ წარმოშობით ერთი კუთხიდან ვართ. მე და მეგის ქარდავა ვმეგობრობთ, ჩვენი ბაბუები არიან ნათესავები, ახალაიებთან –  არა.

/იბეჭდება სტილის დაცვით/

მასალების გადაბეჭდვის წესი