არჩევნები 2012 წლის 23 აგვისტოს გაიმართა, რომლის შედეგადაც რექტორის პოსტზე გოგი მარგველაშვილი ნოშრევან ჩხაიძემ შეცვალა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, რექტორის არჩევნები კანონდარღვევით ჩატარდა:
“წესდებას, რომლის მიხედვითაც ტარდება არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს წევრებთან შეთანხმებით შეიმუშავებს, შემდეგ დასამტკიცებლად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადასცემს, შემდეგ კი ინიშნება არჩევნები, თუმცა ის წესდება, რომელიც დამტკიცდა, ჩვენ არ შეგვიმუშავებია”, – აცხადებს გიორგი შალუტაშვილი.
თეატრალური უნივერსიტეტს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ:
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ა.წ. 21 მარტს რეგისტრაციაში გაატარა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, რომელშიც წერია – “წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების მომზადება ხდება უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ”, ხოლო “წარმომადგენლობითი საბჭო შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს”.
ჩვენ ვალდებულად მიგვაჩნია გაუწყოთ, რომ არც უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს, არც მის სპიკერს და არც ერთ მის წევრს ზემოთ ხსენებული წესდების შემუშავებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
იმის გამო, რომ არჩევნების ჩატარებას უკანონოდ მიიჩნევენ, საბჭოს წარმომადგენლები და სტუდენტები მოთხოვენ:
1. ბათილად იქნას ცნობილი უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს არჩევნები
2. წარმომადგენლობით საბჭოს მიეცეს საშუალება, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა
3. აკადემიურმა საბჭომ დანიშნოს რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი
ამ მოთხოვნებით სტუდენტებმა რამდენიმე წუთით რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს.
როგორც აკადემიური საბჭოს წევრმა ეკატერინე კიკნაძემ განაცხადა სარჩელი შესულია სასამართლოშიც.