საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგზავნის სიგნალს, რომ იმ პირობით, თუ საქართველო დემოკრატიისკენ იმოძრავებს პროგრესით, იმავე პროგრესით იმოძრავებს ევროკავშირისკენ:
“რაც შეეხება ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგს, ჩვენ არ შეგვიძლია კონკრეტული ვადების დასახელება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგს აჩვენებს ქვეყანა. ასე რომ, ეს თქვენს ხელშია”.
შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეჰლერის განცხადებით, მიუხედვად იმისა, რომ შვეიცარია განსხვავებულია ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან და უშუალოდ ვერ დაეხმარება საქართველოს ნატოში და ევროკავშირში შესასვლელად, ქვეყანას შეუძლია სხვა ტიპის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს:
“შვეიცარია საქართველოს დაეხმარება იმ ინსტიტუტების გაძლიერებაში, რომელიც საჭიროა ევროკავშირში შესასვლელად, ჩვენ მანამდე ვიყავით ევროპელები, ვიდრე ევროკავშირი შეიქმნებოდა, ქვეყანა ჩუმ დიპლომატიას ატარებს და ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია თავად ევროკავშირისთვისაც”.
კონფერენციის მესამე ნაწილი არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს ეძღვნებოდა მედიის, სასამართლო და საკუთრების უფლების კუთხით. სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და მის როლს არჩევნების პროცესში ხაზი გაუსვა აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა:
“მთავრობა ღია უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. სამინისტროებსა და ჭეშმარიტად დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ დამკვირვებლებს შორის დიალოგისა და გამჭვირვალობის ხელშემწყობ საკონულტაციო მექანიზმებს ბევრის გაკეთება შეუძლია კარგი მმართველობისა და უფლებამოსილების გადამეტების პრევენციისთვის”.
ნორლანდის თქმითვე, ბრიუსელსა და ვაშინგტონში იქნება მსჯელობა საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობაზე, ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.