ახალი ამბები

მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური კრიზისი?

15 ოქტომბერი, 2012 • • 1372
მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური კრიზისი?

გია ბარამიძე ერთ–ერთია 33 პირიდან, რომელიც ახალ პარლმენტში “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით შევა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” აპირებს იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც კონკრეტული საკითხის უარყოფას საკუთარი წინადადებების შეთავაზებას დაურთავს. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქციული დიალოგის შესაძლებლობა იქნება პარლამენტის შიგნით და მის გარეთაც.  

 

კრიტიკული გამოსვლის მიუხედავად, კონსტრუქციული დიალოგის წინააღმდეგი არც პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით უსუფაშვილია, განსაკუთრებით კი აღნიშნული საკითხი მედიისთვისა და სამოქალაქო სექტორისთვის ძველი როლის დაბრუნებას უკავშირდება.

თუმცა უსუფაშვილის განცხადებიდანვე ირკვევა, რომ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას არ აქვს დიდი მოლოდინები მისი ახალი პოლიტიკური ოპონენტების კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით  იმ საკონსტიტუციო მოდელის გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოშია, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება კონსტიტუციურად შუაზეა  გაყოფილი და მთავრობა მთლიანად პრეზიდენტის ნება–სურვილზეა დამოკიდებული:

“ის, რომ პრეზიდენტი და მისი გუნდი აცხადებენ, რომ კარგად მოვიქცევით და არ გამოვიყენებთ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ამ ტიპის განცხადებები განცხადებებია მანამ, სანამ… რომელიც არ ვიცით, როდის დადგება და ის ოპოზიცია, რომელიც რეალურად ხელისუფლებაში რჩება, როდის გამოიყენებს კონსტიტუციური უფლებას, რაც საბოლოოდ კრიზისამდე მიგვიყვანს”.

უსუფაშვილის თქმითვე,  ეს საკითხი რჩება აქტუალურ თემად და პრობლემად. გამარჯვებულ ძალას არ აქვს გართულებების მოლოდინი პირველ სხდომასთან და მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თუმცა:

“ჩვენი ოპონენტებიც დამეთანხმებიან, რომ ერთწლიანი პერსპექტივით იმის იმედი, რომ ორივე მხარე კარგად მოვიქცევით იმიტომ, რომ ქვეყანა გვიყვარს, ეს ძალიან მყიფე საფუძველია ქვეყნის სტაბილურობის და წინსვლისთვის. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კონსულტაციები და ეს მეორე ტიპის ამოცანად გვაქვს დასახული”.

 

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” მარცხი აღიარა და განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით მონიჭებულ ფარგლებში ხელს შეუწყობს პარლამენტის მუშაობის დაწყებასა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი