“ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იქნება სერიოზული. ჩვენ საქართველოს ვუყენებდით ძლიერ მოთხოვნებს და ეს ნიშნული აიწევს, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია და აქვს სურვილი, ევროკავშირს მიუახლოვდეს, თუ თავის თავზე იმუშავებს. ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში მუდმივია და ამ მუდმივობას ელის საქართველოს მხრიდან”, – განაცხადა “თბილისში მარიოტში” დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ კონფერენციაზე საქრთველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.
დიმიტროვის თქმით, 2014 წლიდან ახალი სამოქმედო გეგმა იმუშავებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში, რომელთა შორის საქართველოცაა. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, გაგრძელდება საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ყოველწლიური 670–მილიონიანი დახმარება, რაც მოხმარდება სასამართლო სისტემის და ციხის რეფორმას, ასევე, რეგიონული და სოფლის მეურნეობის განვითარებას. დიმიტროვის ცნობით, აღნიშნული სფეროები ასევე პრიორიტეტული იყო წინა ხელისუფლების დროსაც.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს მართავს კონფერენციას, რომლის თემაა ”საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ლიდერები, ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები.