აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, დღეს მართავს კონფერენციას, რომლის თემაა ”საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ლიდერები.
დავით უსუფაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვებული ძალა – “ქართული ოცნება” დგას გამოწვევის წინაშე, რომ მოისხას მორალისტი ინკვიზატორის მანტია, ვინაიდან ყოფილმა მმართველმა ძალამ ბევრი რამ გააფუჭა ქვეყანაში, ბევრი ძალადობაა ჩადენილი და ქონება – მოპარული.
“ამის გამო, შესაძლოა, თვალი გაგვექცეს რევანშისკენ და ეს არ უნდა დავუშვათ. ამის პარალელურად, თუ ახალი ხელისუფლება არ შეეცდება გამოიკვლიოს და თავის სახელი დაარქვას იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, მაშინ გამოვა, რომ ტყუილად აირჩია ხალხმა იგი”, – განაცხადა პარლამენტის მომავალმა თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, სადავო საკითხები არა პოლიტიკამ, არამედ სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სხვა შემთხვევაში კი შეცდომა გარდაუვალია.
უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც “ნაციონალური მოძრაობა” დგას არჩევნებში დამარცხების შემდეგ. მისი თქმით, ამ პარტიამ არ უნდა მოირგოს ნაწამები დემოკრატის მანტია, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი 2 ოქტომბრიდან დაიწყო და განვლილი წლების მანძილზე ქვეყანაში ყველაფერი პრეზიდენტის 2 ოქტომბრის განცხადების მსგავსად ხდებოდა.
“საარჩევნო კამპანიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ, არ შეიძლება ეწოდოს ტესტის ჩაბარება ხელისუფლების მხრიდან”, – მიიჩნევს უსუფაშვილი. მისივე განმარტებით, სამომავლოდ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფო ძალაუფლება და პოლიტიკური პარტია და ხალხმა არჩევანი კონკურენტუნარიან პარტიებს შორის გააკეთოს და არა – სახელმწიფოს წინააღმდეგ. პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე ამბობს, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში ხალხმა გაიმარჯვა ხელისუფლებაზე, რაც მომავალში არ უნდა განმეორდეს და ადამიანებმა არჩევანი პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა გააკეთონ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, მას არ გაუკვირდება, თუ კოალიცია “ქართული ოცნება” პარლამენტში სხვადასხვა ფრაქციით იქნება წარმოდგენილი და არ იქნება ერთპარტიული სისტემა.