ახალი ამბები

სააკაშვილი: ნურავინ ცდილობს, ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს განსაკუთრებულობაზე

20 იანვარი, 2017 •
სააკაშვილი: ნურავინ ცდილობს, ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს განსაკუთრებულობაზე

“ნაციონალური მოძრაობა — ეს არის განსაკუთრებული ქართული ერის ამბიცია და პრეტენზია და დიახ, ქართველი ერის არის განსაკუთრებული ერი და ნურავინ ნუ ცდილობს, რომ გაგვაბანძოს და ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს ჩვენ განსაკუთრებულობაზე”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 20 იანვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე ინტერნეტით ჩართვისას.

“საქართველომ შეძლო და შეაჩერა რუსეთი თბილისის კარიბჭესთან, საქართველომ შეძლო, გადაერჩინა 2008 წელს ქართული სახელმწიფოებრიობა ისე, რომ პრაქტიკულად აღარავინ აღარ დებდა ჩვენზე ფსონს. რამდენი რამე გვაქვს მოსაყოლი ჩვენი შვილებისთვის იმიტომ, რომ თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრები და თქვენ ხართ ბოლო თაობა, რომელთაც ეხსომება ჩაბნელებული საქართველო, რომელშიც ბანდები დათარეშობდნენ, სადაც პურზე იდგა მრავალსაათიანი რიგები. თქვენ გემახსოვრებათ ისეთი სახელები, როგორიცაა ატმორი და სხვა გამათბობლები, “ტურბო”, ყველას გვახსოვს ეს, ნავთქურები”, – თქვა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

მიხეილ სააკაშვილმა კომპლიმენტებით მიმართა ენმ–ის მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ მომავალი თაობები მათი გმირობის ისტორიებს სახელმძღვანელოებით ისწავლიან:

“თქვენ ხართ ბოლო თაობა, რომელსაც ემახსოვრება, რომ საქართველო ქვეყნად არ იყო შემდარი და გარდაიქმნა ქვეყნად. თქვენ ხართ იმის გარანტი, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდეს იმ ფსკერზე, რომლისკენაც მიგვექაჩება დღეს ივანიშვილი. თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ამგვარად, მომავალი თაობები თქვენი გმირობის ისტორიებს ისწავლიან სახელმძღვანელოებით. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ახლა ყველანი ერთად ვდგავართ და ვუყურებთ ერთმანეთს და შეგვიძლია ერთმანეთის ხმის გაგონება. ამიტომ ეს არის ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობა.”

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იდეის შესახებაც ისაუბრა:

“ნაციონალური მოძრაობა ეს არა მხოლოდ წარსულია, ეს არის მომავლის ყველაზე ნათელი ხედვა, საქართველოს, რომელიც იქნება ცივილიზებული, გახსნილი, მუდმივად განახლებული და განვითარებაზე ორიენტირებული. შემთხვევით არ დამირქმევია თავის დროზე ეს სახელი. ეს არის მოძრაობა – წინ, მხოლოდ მომავლისკენ, მოძრაობა მხოლოდ გამარჯვებისკენ, მოძრაობა – შეუპოვარი და შეუჩერებელი. ნაციონალური მოძრაობა არის თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელიც არ მოუხრის ქედს, როგორი ძლიერი რეგიონული დამპყრობელი და ბოროტებაც არ უნდა გაჩნდეს მსოფლიო მასშტაბით. ვიღაცისთვის, შეიძლება, მოდურად არ ჟღერდეს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა – ეს არის განსაკუთრებული ქართული ერის ამბიცია და პრეტენზია და დიახ, ქართველი ერი არის განსაკუთრებული ერი და ნურავინ ნუ ცდილობს, რომ გაგვაბანძოს და ფსევდოლიბერალიზმის საბაბით ხელი აგვაღებინოს ჩვენ განსაკუთრებულობაზე იმიტომ, რომ ჩვენი ეს განსაკუთრებულობა მითებში და ზღაპრებში კი არ არის, ჩვენ ეს დავამტკიცეთ ჩვენი მსოფლიოში განსაკუთრებული, ექსკლუზიური, ერთადერთი და ისეთი რეფორმებით, რომელიც ყველას აღტაცებას და აღფრთოვანებას იწვევდა და იწვევს დღესაც.

მე მაქვს პირადი ამბიცია, რომ საქართველო იყოს გამორჩეული, ყველას სჯობდეს გარშემო და იყოს თითით საჩვენებელი, როგორც წარმატების და მომავალზე ორიენტირების ნიმუში. ნაციონალური მოძრაობა ეს არის ასევე ჩვენი ნათელი ეკონომიკური ხედვა, რომელიც თავის დროზე გამოიმუშავა უახლოესმა თანამებრძოლმა, კახა ბენდუქიძემ, რომელთანაც ერთად მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბოლო დღემდე ვიყავით. ეს არის ცხოვრება გახსნილი საზოგადოების. პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფოსი. დერეგულაციის, დაბალი გადასახადების, ამ იდეას ატარებს ნაციონალური მოძრაობა.

ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ გარკვეული პირების ელიტური კლუბი. ეს არ შეიძლება იყოს პატარა ჯგუფის საკუთრება. ნაციონალური მოძრაობა არის ემოცია”, – თქვა სააკაშვილმა.

ენმ–ის 7000-დელეგატიანი ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიის წესდებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიზანია დებიუროკრატიზაცია. შედეგად, პარტიის სამდივნოები უქმდება, თუმცა ვანო მერაბიშვილი გენმდივნის თანამდებობას ინარჩუნებს, ხოლო პარტიის ლიდერი კვლავ მიხეილ სააკაშვილი იქნება. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს, ხოლო მოადგილეებად- ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი