ახალი ამბები

ირმა ინაშვილი: გაზპრომთან კონტრაქტი საჯარო უნდა იყოს

19 იანვარი, 2017 • 5610
ირმა ინაშვილი: გაზპრომთან კონტრაქტი საჯარო უნდა იყოს

პარლამენტის ვიცესპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, გაზპრომთან მიღწეული შეთანხმების გასაიდუმლოება არასწორი გადაწყვეტილებაა. დეპუტატის თქმით, ის საფრთხის შემცველ პროცესს ხედავს.

ირმა ინაშვილის აზრით, თავიდანვე ძალიან ბუნდოვანი იყო ენერგეტიკის მინისტრის და ხელისუფლების არგუმენტები გაზპრომთან დაკავშირებით.

“ხელისუფლება ამბობს, რომ მიღწეული შეთანხმება სასარგებლოა, მაგრამ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში სამართლიანი კითხვები არსებობს ხელშეკრულების ირგვლივ. ხელშეკრულებას გრიფი საიდუმლო დაედო, რაც ჩემი აზრით, არასწორია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კონტრაქტი საჯარო უნდა იყოს. თუ ეს კონტრაქტი იქნებოდა საჯარო, თუ იქნებოდა უფრო დეტალურად ახსნილი, რა შეთანხმება გააფორმა ქართულმა მხარემ გაზპრომთან, მაშინ არ იქნებოდა ეს აჟიოტაჟი. მე წერილობით მივმართე ენერგეტიკის სამინისტროს და ამ კონტრაქტის ასლი მოვითხოვე. როცა გავეცნობი, მეტი საშუალება მექნება, კომპეტენტური კომენტარი გავაკეთო.”

ირმა ინაშვილის თქმით, ეს პროცესი საფრთხის შემცველია:

” რაღაც საფრთხის შემცველ პროცესს ვხედავ და ეს განცდა რომ მოიხსნას, საჭიროა ამ ბუნდოვანების დანგრევა. ბუნდოვანება ყოველთვის ცუდია.

თუ სასარგებლო კონტრაქტი დადე ჩვენი ქვეყნისთვის, რა არის ამაში დასამალი? გახსენი და ღიად ვილაპარაკოთ ამაზე. რა პლუსს და მინუსს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ღიად გვითხარი. გარედან რაც ჩანს, არის საფრთხის შემცველი ელემენტები, რადგან არ ვიცით, სინამდვილეში რა წერია კონტრაქტში. თუ გვეცოდინება, რა წერია, უფრო თამამად გავაკეთებთ შეფასებებს. ”

დეპუტატის განცხადებით, კახა კალაძე ვალდებულია პარლამენტში გამოცხადდეს:

“თუ მინისტრს დაიბარებს უმცირესობა და ოპოზიციური ფრაქცია ჩვენი სახით, ის ვალდებულია მობრძანდეს და ახსნა-განმარტებები მისცეს ფრაქციების წარმომადენლებს. საინტერესო და აუცილებელი იქნება, ენერგეტიკის მინისტრმა საფუძვლიანი არგუმენტები წარმოადგინოს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი