აღნიშნული განცხადებით გიორგი ჩიხლაძემ 2012 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს მიმართა. განცხადებაში აღწერილია 2011 წლის 30 ივნისს, მსჯავრდებულის დაკავებისას განხორციელებული ადამიანის უფლებების შემლახველი რიგი ქმედებები.
“დილის საათებში მიმიყვანეს მოდულის შენობაში, 10-15 წუთის განმავლობაში მაწამებდნენ დენით, შემდეგ შემიყვანეს დათა ახალაიას კაბინეტში, პირდაპირ მითხრა ხომ კარგად მიცნობ და იცი რისი გამკეთებელიც ვარ. მოყევი რა კავშირები გაქვს ირაკლი ოქრუაშვილთან. მე მოვყევი რაც ვიცოდი, არ მოეწონა და პირდაპირ გადმოვიდა ცემაზე. თან მიმეო” -წერს მსჯავრდებული გიორგი ჩიხლაძე.
საიას განცხადებით, გიორგი ჩიხლაძის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. რის გამოც, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.
საია მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურმა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ფაქტის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და ასევე უზრუნველყოს მსჯავრდებულ ჩიხლაძის უსაფრთხოება.