ახალი ამბები

NDI-ის კვლევით არჩევნებში მონაწილეობა 74%-მა მიიღო, ცესკოს მიხედვით აქტივობა 51.63% იყო

18 იანვარი, 2017 • 5638
NDI-ის კვლევით არჩევნებში მონაწილეობა 74%-მა მიიღო, ცესკოს მიხედვით აქტივობა 51.63% იყო

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 74 პროცენტი აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღო, ცესკოს მიერ დაფიქსირებული შედგებით კი აქტივობა 51.63% იყო. NDI-ის კვლევის მეთოდოლოგიაში ვკითხულობთ, რომ ცდომილების ზღვარი +/- 1.8 პროცენტია.

Screen Shot 2017-01-18 at 2.03.03 PM

ნეტგაზეთმა კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის, CRRC-ის ხელმძღვანელს კობა თურმანიძეს ჰკითხა, როგორ აიხსნება ზემოხსენებული განსხვავება. იგი გვირჩევს, რომ ყურადღება მივაქციოთ კვლევის კიდევ ერთ შედეგს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის არჩევნებში მონაწილეობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოხატულებაა:

“მივაქციოთ იმას ყურადღება, რომ ადამიანები არჩევნებზე წასვლას თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უკავშირებენ. რადგან ასეა, მათ არ უნდათ აჩვენონ საკუთარი თავი უპასუხისმგებლო მოქალაქეებად. ლორაც [თორნთონი] ამბობდა დღეს, რომ როდესაც აშშ-ში არჩევნების შემდეგ  გამოკითხეს მოსახლეობა,  ტრამპმა უფრო მეტი შედეგი აჩვენა, ვიდრე რეალობაში [არჩევნებში]. ადამიანებს უყვართ ან გამარჯვებულების მხარეს [დადგომა], ან ისეთი რამის გაკეთების დაბრალება, რაც კარგად წარმოაჩენთ”, – ამბობს თურმანიძე.

მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ აყენებს ეს მონაცემი და 20%-იანი სხვაობა ეჭვქვეშ კვლევის სხვა მიგნებებსაც, თურმანიძე აცხადებს, რომ ეს ფაქტორი მხოლოდ ისეთი კითხვების მიმართ მუშაობს, რომლის პასუხი რაღაც პოზიტივთანაა დაკავშირებული და ადამიანებს საკუთარი პერსონის წარმოჩენა დადებით კონტექსტში სურთ.

Screen Shot 2017-01-18 at 2.15.56 PM

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი