ნოდარ ებანოიძე, რომელიც 1ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი გახდა

ხარაგაულიდან, ამბობს, რომ პროკურატურისგან გამოძების დაწყებას მოითხოვს.
ებანოიძის თქმით, ხარაგაულის გამგეობამ ბიუჯეტის ფულით 2012 წელს 35 ათას ლარად იყიდა ავტომობილი, რომელიც ემსახურება გამგებელ თორნიკე ავალიშვილს.
“გამგებელს ორიოდე თვის წინ მოუვიდა ავარია, რომელიც მან არ გაახმაურა. ახლახან აღმოვაჩინე, რომ მან ხარაგაულის ბიუჯეტიდან ავტომობილის შესაკეთებლად გადარიცხა 15 ათასი ლარი, თან საავტომობილო შემთხვევის შესახებ არ განუცხადებია სამართალდამცავ უწყებებში. გუშინ დოკუმენტების გაცნობა მოვითხოვე და გამგეობის საფინანსო სამსახურში განმიცხადეს, რომ გამგებელი მათ ამ ინფორმაციის გაცემას უკრძალავდა, თავად თორნიკე ავალიშვილი არ იყო სამსახურში”, – დღეს, 11 ოქტომბერს განუცხადა ნოდარ ებანოიძემ “ნეტგაზეთს”.
მომავალი მაჟორიტარი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მას ხარაგაულის გამგეობის საფინასო სამსახურიდან 10 ოქტომბრის საღამომდე არ მიაწოდეს მოთხოვილი ინფორმაცია, დღეს კი აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ თორნიკე ავალიშვილმა წუხელ ღამით გამგეობიდან წაიღო ავტომანქანის შეკეთებისთვის თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
“დღეს დილით დავადგინე, რომ მას ეს დოკუმენტაცია ღამით გაუტანია, რის შემდეგაც სამსახურში არ გამოჩენილა და დოკუმენტაცია დაბრუნებული არ არის. არ გამოდის კონტაქტზე და ათას მიზეზს ასახელებენ,რატომ არ ჩანს. ჯერ ავიღე პოლიციისგან ცნობა, რომ ავტოავარიის შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა. ასევე, ზესტაფონის პროკურატურაში შევიტანე განცხადება, რომ არ მოხდეს ფინანსური დოკუმენტაციის განადგურება ან ფალსიფიკაცია. ამასთანავე, რომ გამოიკვლიონ ამ ხარჯების კანონიერების საკითხი. ვფიქრობ, რომ საკმაოდ მძიმე დანაშაულია ჩადენილი”, – აცხადებს ნოდარ ებანოიძე.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს თორნიკე ავალიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ არსად გაქცეული არ არის და არ იმალება.
“თუ გინდათ, სურათს გადავიღებ და MMS-ით გამოგიგზავნით, რომ გამგეობის შენობაში ვარ ახლა. საბუთები გავიტაცო, მე გუშინდელი ბავშვი კი არ ვარ? ასეთ რაღაცას კაცი რომ იტყვის, საბუთები გაიტაცა, წავიდა და სამსახურში არ არისო, უსუსურობაა და მე მაგას ვერ დავეთანხმები”, – განგვიცხადა თორნიკე ავალიშვილმა და ტელეფონი ისე გათიშა, რომ არ უპასუხა კითხვას, ნამდვილად მოხდა თუ არა ავტოავარია, შეატყობინა თუ არა ამის შესახებ პოლიციას და ავტომობილის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან რა თანხა გადაიხადა.
ხარაგაულის გამგებელთან, თორნიკე ავალიშვილთან საუბრიდან 2 წუთში ჩვენ დავუკავშირდით მის მოადგილეს, ლაშა ნიქაცაძეს, რომელმაც გვითხრა: “მე გამგებელს ვესაუბრე ტელეფონზე, სამსახურში არ არის, მაგრამ მალე მოვა, დაბაშია.” მას ასევე ვკითხეთ ავტოავარიისა და ავტომობილის შესაკეთებლად გადახდილი ფულის შესახებ, თუმცა გამგებლის მოადგილემ განგვიცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს აკაკი მაჭავარიანს, რომელმაც 2 თვის წინ მომხდარი ავტოავარიის დეტალები გაიხსენა.
“საგზაო შემთხვევა რომ მოხდა, ეს უდავო ფაქტია და ვიცით, რომ ავტომანქანა დაზიანდა. ზუსტად რა თანხა გამოიყო მის შესაკეთებლად, არ ვიცი, სამსახურში არ ვარ და ჯერ ვერ გაგირკვევთ.
გამგებელი სოფლებში შემოვლაზე იყო წასული დაახლოებით ორი თვის წინ. იყო ძალიან ცუდი ამინდი. სოფელ ხევში შემხვედრმა მანქანამ გამგებლის ავტომობილს გვერდი გაკრა, ჩვენი მანქანა გადავიდა გზიდან და დაეჯახა ქვას. იყო ღამის პირველი საათი და არ ვიცი, პოლიცია გამოიძახეს თუ არა. მანქანა შეკეთდა თბილისში ყველა ნორმის დაცვით, საგარანტიო სერვის–ცენტრში, გადარიცხვით, მაგრამ ზუსტად რა თანხა გადაირიცხა, არ ვიცი, არ მახსოვს”, – განგვიცხადა აკაკი მაჭავარიანმა.