ახალი ამბები

ლაბორატორია 1918-ის განცხადებით, თსუ–ში უკანონო მოსმენები ხორციელდებოდა

11 ოქტომბერი, 2012 •
ლაბორატორია 1918-ის განცხადებით, თსუ–ში უკანონო მოსმენები ხორციელდებოდა

აღნიშნული ინფორმაცია ლაბორატორია 1918-ის წევრებს თსუ-ს სახელმწიფოს დაცვის უკვე გათავისუფლებულმა წევრებმა მიაწოდეს, რომლებთანაც ლაბორატორიამ შეხვედრა გამართა. 

 

ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენები ხორციელდებოდა დაცვის თანამშრომლებზეც, ნაცმოძრაობისადმი არალოიალურებს ნელ-ნელა აქვეითებდნენ და ბოლოს ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. რომ იქმნებოდა დოსიეები ლაბორატორიის წევრებზე. თვითმმართველობა და დაცვის სამსახური მუშაობდნენ კოორდინირებულად და აქტიურად ცდილობდნენ ლაბორატორიაზე ინფორმაციის მოგროვებას და აქციებთან დაკავშირებით ორგანიზაციის გეგმების გარკვევას სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ფეისბუქის პროფილების გატეხვითა და ლაბორატორიაში ინფორმატორების ჩანერგვით.

განცხადებაში ასევე ღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის მთელი პერიმეტრი კონტროლდება სათვალთვალო კამერებით, შედეგად კი, აქციებისას აქტიურ სტუდენტებზე ინფორმაციებს გადასცემდნენ შსს-ს. დაცვის სამსახური კი, გორაშვილის დავალებით, უსმენდა ფიზიკის ინსტიტურის დირექტორს და მთავარ ინჟინერს. 

 

“ლაბორატორია 1918 მიესალმება დაცვის თანამშრომელთა ამ გაბედულ ქმედებას და მოუწოდებს თსუ-ს დაცვის სამსახურის ყველა თანამშრომელს, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს და არ დაუშვან სახელმწიფოს მხრიდან მათი ბინძური გამოყენება!”–ნათქვამია განცხადებაში. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თსუ–ს  საზოგადოებასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნანა მამაგულიშვილს. “ნეტგაზეთი” პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ უნივერსიტეტის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი