ახალი ამბები

თამარ გურჩიანს სახალხო დამცველად 39 ორგანიზაცია უჭერს მხარს

11 ოქტომბერი, 2012 •
თამარ გურჩიანს სახალხო დამცველად 39 ორგანიზაცია უჭერს მხარს

“ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები, მოგმართავთ წინადადებით, სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი. ის არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლბების დაცვის სფეროში დიდი გამოცდილება. დარწმუნებული ვართ, რომ თამარ გურჩიანი, როგორც სახალხო დამცველი, იქნება პროდუქტიული”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახლად არჩეულ პარლამენტში შეიტანენ.

პარლამენტისთვის სახალხო დამცველის კანდიდატის შეთავაზება ყველას შეუძლია, მაგრამ ის პარლამენტში კანდიდატად უნდა დაასახელოს პრეზიდენტმა, ფრაქციამ, ან დეპუტატთა ექვსკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა:

“პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი წინა სახალხო დამცველის მიერ პოსტის დატოვებიდან ერთ თვეში უნდა წარადგინოს. როგორც მახსოვს, გიორგი ტუღუში სახალხო დამცველი აღარაა 20 სექტემბრის შემდეგ, ამიტომ სავარაუდოდ ახალი ომბუდსმენის წარდგენის საკითხს პარლამენტის პირველივე სხდომაზე განიხილავს”, – განაცხადა საქართველოს ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კორძაიამ.

სახალხო დამცველად თამარ გურჩიანის წარდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება გაგრძელდება. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, განცხადება ინტერნეტ სივრცეში განთავსდება და ნებისმიერ ორგანიზაციას ან მსურველს შეეძლება მხარი დაუჭიროს გურჩიანის კანდიდატურას.

სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფები სახალხო დამცველის პოზიციაზე ასევე მოიაზრებენ ადვოკატებს – ლია მუხაშავრიას და გელა ნიკოლაიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი