“ჩემთვის ასეთი ოფიციალური ინფორმაციაა ცნობილი, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლებული არ არიან, უბრალოდ ხელშეკრულებაა გაუქმებული მერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. წესით, ისინი, ვინც დარჩება ამ სამსახურში, უნდა გადანაწილდნენ სხვა ობიექტებზე საჭიროების მიხედვით. უბრალოდ ეს არიან ის ადამიანები, ვინც მერიასა და შსს–ს შორის გამოფრმებული კონტრაქტის საფუძველზე არსებულ ობიექტებზე მუშაობდნენ, გაუქმდა ხელშეკრულება, შესაბამისად, ამ ობიექტებს აღარ დაიცავენ”, – განაცხადა სალომე მახარაძემ. მისივე განცხადებით, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელობამ უნდა გადაწყვიტოს, ეს ადამიანები სამსახურში იმავე კონტრაქტით დარჩებიან, რაც გაფორმებული ჰქონდათ, თუ ახალ კონტრაქტზე მოუწევთ ხელის მოწერა:
“მათ უკვე მიიღეს შეთავაზება, იმუშაონ მერიის ახლად შექმნილ სამსახურში, რადგან მათ აქვთ მერიის ობიექტების დაცვის გამოცდილება, იმ შემთხვევაში, თუ არ მოუნდებათ გადასვლა, ეს მათი ნებაა”, – აღნიშნა სალომე მახარაძემ.
დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელეს. მათი თქმით, დილის შეკრებაზე მათთან მერიის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც განუცხადა, რომ მათი სამსახური გაუქმდა. დაცვის პოლიციის თანამშრომლები მერიის ახლად შექმნილ სამსახურში მუშაობაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, 600–ზე მეტი თანამშრომელი უსამსახუროდ რჩება. დღეს დილიდან ისინი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.





