ახალი ამბები

ბანკები “გალარების პროგრამას” საშუალოდ 10%-ის ფარგლებში გთავაზობენ

17 იანვარი, 2017 • 4374
ბანკები “გალარების პროგრამას” საშუალოდ 10%-ის ფარგლებში გთავაზობენ

საქართველოში მოქმედი ბანკები სამთავრობო პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის გალარებას მომხმარებლებს საშუალოდ 10%-იანი განაკვეთის ფარგლებში სთავაზობენ.

გალარების ერთჯერადი სამთავრობო პროგრამა დღეიდან, 17 იანვრიდან ამოქმედდა. სურვილის შემთხვევაში, იმ პირებს, ვისაც 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აქვს აღებული იპოთეკური სესხი და სამთავრობო პროგრამის სხვა კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებენ,  სესხების გალარება შეუძლიათ იმ დღეს არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრით. მაგალითად, თუ აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური გაცვლითი კურსი არის 2.7 ლარი, მაშინ სესხის გალარება მოხდება 2.5 კურსით. კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თი-ბი-სი ბანკში, VTB-ში და საქართველოს ბანკში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გალარებას დაახლოებით 10%-იანი საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში განახორციელებენ. ბანკებმა დღეიდან 5 დღის ვადაში უნდა მიმართონ იმ პირებს, ვისაც გალარების პროგრამა ეხებათ. ასეთი სულ დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანია. პროკრედიტ ბანკში გვითხრეს, რომ ისეთი კლიენტი, ვისაც გალარების პროგრამა ეხება ძალიან ცოტა ჰყავთ და სურვილის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთზე ინდივიდულურად მოელაპარაკებიან. ლიბერთი ბანკში კი დოლარში სასესხო პორტფელები არ აქვთ.

პროგრამის საილუტრაციოდ გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა ერთი კონკრეტული სესხის მაგალითი, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა და ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად მოუწევს საკუთარი დანახარჯების დათვლა პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში. არსებობს იპოთეკური სესხი, რომელიც გალარების პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. 10-წლიანი სესხი 2015 წლის 1 იანვრამდეა აღებული და  დოლარში წლიურ 7.5%-იან განაკვეთში იფარება.  ბოლო გადახდა 2024 წლის დეკემბერში უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის სრულად დაფარვამდე 96 თვეა დარჩენილი. 2017 წლის იანვარში 196.43დოლარის გადახდა უწევს, მაგრამ თუ ის სესხს ხვალვე გაალარებს, მაგალითად, 10.5%-განაკვეთიან სესხში, იანვარში 547 ლარის გადახდა მოუწევს, რაც თავის მხრივ ოფიციალური გაცვლითი კურსით 201.96 დოლარია, ხოლო სავალუტო ჯიხურებში – დაახლოებით 204 დოლარი. როგორც ხედავთ, ამ იპოთეკურ სესხის შემთხვევაში ლარში გადატანა დანახარჯს აძვირებს.

თუკი ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს (და, როგორც ჩანს, გაამკაცრებს), არსე-ბული ინფლაციის მოლოდინის ფონზეროგორია მთავრობის გათვლები და პროგნოზებიმოქალაქეებს უღირთ და მოუნდებათ კი ამ პროგრამაში მონაწილეობა? – სებ-ის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ კითხვას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ასე უპასუხა:

“პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. აღნიშნული პროგრამა მსესხებლებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლოს შეღავათიანი კურსით სესხების გალარებისას და არ გადაიხადოს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილის შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და მას სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლება, რომელშიც აქვს შემოსავალი.

ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა ის ხარჯია, რომელსაც მომხმარებელი სავალუტო რისკის დაზღვევისთვის იხდის, ლარში სესხი კი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ის ასევე უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონვერტაციის ხარჯები, რაც არ არის ლარის სესხის შემთხვევაში”, – აცხადებს მესტვირიშვილი.

ვრცლად სებ-ის პოზიციებს გალარების პროგრამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი