ახალი ამბები

სოფელ დიღომში საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნება

16 იანვარი, 2017 • 6902
სოფელ დიღომში საქართველოში ბავშვთა  პირველი  ჰოსპისი გაიხსნება

17 იანვარს სოფელ დიღომში საქართველოში ბავშვთა  პირველი  ჰოსპისი გაიხსნება.

ბავშვთა ჰოსპისი  ოჯახური ტიპის დაწესებულებაა, სადაც  პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.  მომსახურება უფასო იქნება. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისათვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

ჰოსპისს ოფიციალურად გახსნიან საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. 

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ პირველი ფინანსური შენატანით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. ჰოსპისის დაფინანსებაში ასევე მონაწილეობენ რიგითი მოქალაქეები და ბიზნესკომპანიები. ერთი წლის მანძილზე ჰოსპისის მშენელობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

ბავშვთა ჰოსპისი სოფელ დიღომში 18:00 საათზე გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი