ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება ივანიშვილს უნდა

16 იანვარი, 2017 • 2968
სააკაშვილი: საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება ივანიშვილს უნდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა ლიდერებმა მოქმედ ხელისუფლებასთან ითანამშრომლეს. ამ საკითხზე სააკაშვილმა არჩევნების გაყალბების კონტექსტში განაცხადა. მისივე თქმით, მისი “ნაციონალური მოძრაობიდან” ჩამოშორების საკითხში გამორიცხულია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულიყო.

“სანდრას როგორც წააგებინეს არჩევნები, ხომ ყველამ იცის, რომ სანდრას არ წაუგია არჩევნები. სანდრას მაგალითი ქრესტომათიული მაგალითია, მაგრამ სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, სამწუხაროდ, ჩვენი წარმომადგენლების სისუტის და არა მხოლოდ სისუსტის პირობებში. საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში არ მუშაობდა ვიდეოკამერები, უბნების დარბევის ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს, 2003 წელს არ იყო სმარტფონები, მხოლოდ დიდი ვიდეოკამერები ჰქონდათ და 2003 წელს ყველაფრის კადრები გვქონდა. დღეს, როდესაც ამდენი საშუალება არსებობს, ეს ნიშნავს, რომ იქ, ადგილზე ლიდერებმა არა მხოლოდ გამოიჩინეს წარმუდგენელი სისუსტე, არამედ, არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლენ იმ ხალხს…”- განაცხადა სააკაშვილმა გადაცემაში “არჩევანი”

შეკითხვას, არიან თუ არა “ნაციონალური მოძრაობიდან” გასული ლიდერები გარიგებული მოქმედ ხელისუფლებასთან, მიხეილ სააკაშვილი ასე პასუხობს:

“ვის უნდა საქართველოს პოლიტიკიდან ჩემი ჩამოშორება? ივანიშვილს და მის პატრონებს ჩრდილოეთში. ეს იყო მათი დეკლარირებული მიზანი. ძნელია, არ დაინახო პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი, რაც მოხდა. ვინ ჩაფლავდა ყველაზე მეტად იმით, რომ ჩვენ ვერ წაგვართვეს პარტია “ნაციონალური მოძრაობა”? რომ მე ვერ ჩამოამშორეს პარტიას? რა თქმა უნდა, ივანიშვილი. მე მგონი, პატარა ბავშვიც კი ხვდება ამას. ვიღაცამ ნებით ითამაშა ეს თამაში, ვიღაცამ უნებლიეთ, ვიღაცის ინტერესები დაემთხვა, ეს სხვა თემებია. მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩვენ გვებრძვის მინიმუმ 7-8 ოლიგარქი, ივანიშვილის ხელა და მასზე დიდიც. ძალიან კარგად ვიცი, როგორც მოქმედებენ ოლიგარქები, თუკი რამე არ ვიცოდი, აქ უკვე ზეპირად ვისწავლე. ასეთი პროცესები როცა მიდის, მით უმეტეს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალაში, ოლიგარქი არ შეიძლება, რომ არ ჩაერიოს, აუცილებლად ჩაერევა. მით უმეტეს, ოლიგარქი, რომელსაც შეუძლია დაგიჭიროს, სასამართლო მოგიგოს, მოგისყიდოს. მე ვერავის ხელს ვერ დავადებ. მე ერთი რამ ვიცი, რომ ეს შედიოდა ივანიშვილის ინტერესებში”,- განაცხადა სააკაშვილმა გადაცემაში “არჩევანი”.

ენმ-ში არსებული დაპირისპირება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გახდა ცნობილი, საბოლოოდ კი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ნაწილმა პარტია დატოვა. ვრცლად, თუ რაზე უპირსპირდებიან ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი