ახალი ამბები

მაუწყებლის ბორდის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს, დირექტორის კი, გაიზარდოს

16 იანვარი, 2017 • 11386
მაუწყებლის ბორდის უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს, დირექტორის კი, გაიზარდოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეკვეცასა და დირექტორის უფლებამოსილების გაზრდაზე მოამზადებს კანონპროექტს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილა და მიზანშეწონილად მიიჩნია ამ წინადადების საფუძველზე  “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანაზე გააგრძელოს მუშაობა. რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

მაუწყებლის თანამშრომლების წინადადების თანახმად, უნდა შეიზღუდოს სამერუვეო საბჭოს უფლებამოსილება, რის ხარჯზეც დირექტორისა გაიზრდება. ავტორების აზრით, ტელევიზიის ბიუჯეტში ცვლილებები შეტანა სამერუვეო საბჭოს საკუთარი ინიციატივით არ უნდა შეეძლოს, რადგან მათი აზრით, ეს ხელმძღვანელ ორგანოთა შორის ბალანსს არღვევს და უკიდურესად ზღუდავს დირექტორის უფლება-მოვალეობებს.

წინადადების თანახმად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება აღარ უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების ძირითადი პირობების, მათ შორის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობის განსაზღვრა.

“მიზანშეწონილია, რომ დირექტორს მიეცეს მოქმედების თავისუფლება შრომითი ხელშეკრულებების პირობების განსაზღვრის სფეროში,” – აღნიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნაში, რომელსაც ხელს ეკა ბესელია აწერს.

შესაბამისად, კომიტეტი  კანონპროექტის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფს შექმნის. დასკვნის თანახმად, ჯგუფში მაუწყებლის თანამშრომლებით და ამ სფეროში მომუშავე სპეციალსიტებით დაკომპლექტდება. სამუშაო ჯგუფის ფორმირებასა და სამუშლო პროცესის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი