ახალი ამბებისამართალი

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე საბოლოო პროცესი მიმდინარეობს

16 იანვარი, 2017 • 5677
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე საბოლოო პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე საბოლოო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულები ამ წუთებში თავიანთ საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლეები გავლენ განაჩენის გამოსატანად.

სასამართლო დარბაზი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ახლობლებითა და თავისუფალი დემოკრატების წევრებით არის სავსე. პროცესს პარტიის თითქმის ყველა მოქმედი და ყოფილი ლიდერი ესწრება. დღევანდელ პროცესს არ/ვერ ესწრებიან ირაკლი ალასანია და ზურაბ აბაშიძე; ასევე, ვიქტორ დოლიძე, რომელიც არჩევნების შემდეგ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში მინისტრად დაინიშნა.

თავისუფალი დემოკრატები იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო დღეს ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს და გაამართლებს მათ თანამებრძოლებს. ისინი მიიჩნევენ, რომ დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფებიან.

“ძნელია, ვივარაუდოთ წინასწარ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო. ამ საქმეზე თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვთ სახალხო დამცველს, ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებს, ჰუმან რაითს ვოჩს, რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს იმაზე, რომ ინკრიმინირებული დანაშაული არ არის ჩადენილი. ახლა სასამართლოზეა სიტყვა და ვნახოთ… ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ქართული სასამართლო შეძლებს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას,” – განუცხადა ნეტგაზეთს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძემ.

მოქმედ ლიდერებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარები იმის შესახებ, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მიმართავენ თუ არა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. როგორც შავგულიძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო გმამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, საქმე სხვა ინსტანსიურ სასამართლოში გასაჩივრდება.

ბრალდების მხარე კი კვლავინდებურად აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, რისთვისაც ფაქტები არის მკაფიო და ნათელი.

“როდის გამოცხადდება განაჩენი, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვიქნებით ინფორმირებულნი, თუმცა მოსამართლე ამის შესახებ განცხადებას გააკეთებს სასამართლო პროცესზე. ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება არის გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული,” – ამბობს პროკურორი ნინო აღლემაშვილი.

მისი თქმით, ეს საქმე არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და დისკრიმინირებულ მიდგომას არ აქვს ადგილი:

“მტკიცებულებებმა განაპირობა ის, რომ ეს ადამიანები თავის დროზე პასუხისგებაში იყვნენ მიცემულები. სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტირუციო სასამართლოს, როგორც მეგობარმა ორგანიზაციამ, სადაც გამოთქმულია პოზიცია იმის შესახებ, რომ ეს ბუნდოვანი დანაშაულია; მხედველობაში მიიღება 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ნორმაც არის ბუნდოვანი. შესაბამისად, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი.”

ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ე.წ. კაბელების საქმის საბოლოო განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 16.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.

პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს. 18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი