სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა დღეს, 10 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრის დატოვებისას განაცხადა, რომ კოალიციაში ჯერჯერობით არ უმსჯელიათ, ახალ მთავრობაში ვინ დაიკავებს მინისტრთა ვაკანტურ ადგილებს.
სოზარ სუბარისვე განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” ასევე არ არსებობს ჩამოყალიბებული პოზიცია სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საზოგადოებაში ამჟამად საუაბრი მიდის უჩა ნანუაშვილზე, თამარ გურჩიანზე, გელა ნიკოლაიშვილზე, ლია მუხაშავრიასა და ნანა კაკაბაძეზე.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე გამორიცხა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას შესაძლო დანიშვნა. სუბარის თქმით, მირცხულავა “ქართულ ოცნებაში” მხოლოდ კონსულტაციების მიზნით იყო მისული და მინისტრის პოსტზე ის არ განიხილება.