ახალი ამბები

რაზე იღებს პასუხისმგებლობას ბათუმის ახალი მერი

10 ოქტომბერი, 2012 • 1581
რაზე იღებს პასუხისმგებლობას ბათუმის ახალი მერი

 

ჯემალ ანანიძე, ბათუმის მერი
ჯემალ ანანიძე, ბათუმის მერი

გარდამავალი ეტაპია  –  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბევრი საკითხი. ბატონო ჯემალ, რატომ დათანხმდით მერობას ასეთ პირობებში?

 

 

ჩვენ საზოგადოების არჩევანს მივესალმებით, რადგან არ შეიძლება იყოს ერთი პარტია მუდმივად. პრობლემა რაში იყო _ ადრე, როცა სხვა პარტია იმარჯვებდა, ძველი მაშინვე იშლებოდა _ მაგალითად, მოქალაქეთა კავშირი, აღორძინების კავშირი… ეს საკმაოდ კარგი პრეცედენტია. უმრავლესობამ წააგო არჩევნები, მაგრამ არ გამოიყენა სხვა მეთოდები და ის გადადის ოპოზიციაში, რომ ნახოს, რა ხარვეზები ჰქონდა და რით აჯობეს მას. ეს არ უნდა გადაიზარდოს ღია შურისძიებაში, მასობრივ დევნაში. კიდევ ერთი პლუსია, როცა ცენტრალური ხელისუფლება იქნება ქვეყნის სტრატეგიის განმსაზღვრელი, მაგრამ თვითმმართველობის დონეზე, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება იყოს სხვა პარტია. ასეთი პრაქტიკა არის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. საზოგადოებამ თვითმმართველობის არჩევანი გააკეთა 2014 წლამდე. საერთო ენა უნდა გამოინახოს და ეს იქნება ჩვენი ერთად გამარჯვება.

მე 18 წელია ვმუშაობ საჯარო სისტემაში და რაც უფრო მაღალია რანგი, მით უფრო იზრდება პასუხისმგებლობა. ძნელია ყველა პრობლემას ერთდროულად გაართვა თავი, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი ისეთია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ რომ უნდა გადაწყვიტოს.

 

 

რა პრობლემაა ისეთი, რასაც თქვენ ვერ აგვარებთ?

 

 

დღეს გვყავდა სტუმრები, რომლებმაც თქვეს, რომ ვერ წარმოედგინათ, საქართველოში ასეთი ქალაქი თუ იქნებოდა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასეთ ფონზე უმრავლესობამ ნაკლები ხმა მიიღო ბათუმში. საწყენია, რომ ბატონმა რობერტიმ, რომელიც ქალაქის მერი იყო და ხუთი წელი შეწირა ამ ქალაქის განვითარებას, იმაზე ნაკლები ხმა მიიღო, ვისაც ბევრი არაფერი გაუკეთებია ქალაქისთვის.

 

 

რობერტ ჩხაიძის მერობის დროს ბევრ საკითხზე იყო კითხვები. არ გაგიჭირდათ ამაზე პასუხისმგებლობის აღება, მით უფრო ხელისუფლება ამბობს, რომ თუკი გამოჩნდება დანაშაული, საჯარო მოხელეები აგებენ პასუხს?

 

 

ბატონ რობერტს პრობლემები არ დაუტოვებია. ქალაქი რაც არ უნდა განვითარდეს, რაღაც პრობლემა აუცილებლად იქნება. გზა ასფალტიანი გვექნება თუ არა _ ეს შეიძლება იყოს მეორე ხარისხოვანი. მოსახლეობა სწორედ სოციალურ პრობლემებს გვიყენებს, მაგალითად, არ მაქვს რაღაცის გადახდის საშუალება, შემოსავალი არ მაქვს, სამსახური არ მაქვს… ჩვენ ამ ეტაპზე მეტი აქცენტი გვქონდა სწორედ სამეწარმეო სექტორის განვითარებისკენ – ყოველ ჩადებულ მილიონს 100 კაცი რომ დაესაქმებინა. 

 

 

ბათუმმა ბევრი ქონება მისცა მთავრობას, რასაც ის 1 ლარად იმ მოტივით ყიდდა, რომ შემდეგ დასაქმდებოდნენ ადამიანები. შეიძლება დაასახელოთ ერთ მაგალითი მაინც, როცა ასე მოხდა?

 

 

ამაზე შეიძლება ფინანსთა სამინისტროდან და აჭარის მთავრობიდან გამოვითხოვოთ ინფორმაცია. თუ არ გამოჩნდა საინვესტიციო პროექტები, ქონება ისევ დაუბრუნდება ქალაქს, ამ დღეებში დასრულდება მათი გადმოცემა. საკმაოდ დიდი ჩამონათვალი მიწის სახით, უკან გადმოგვეცემა. მაგალითად, გონიოს პოლიგონი სახელმწიფო საკუთრებაა, მაგრამ ქალაქს გადმოგვეცემა ინვესტირებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ და არანაირი ხარვეზი არ არის, შეიძლება ტექნიკური ხარვეზი იყოს და არა კანონის დარღვევა, რადგან ყველა პროცესს თავისი კონკრეტული შედეგი ახლავს, რომელიც სახეზეა.

 

 

თუ ხარვეზი აღმოჩნდება, პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით, მერად ყოფნა ნიშნავს, რომ უშუალო პირადი პასუხისმგებლობა კი არა, დასაქმებული პიროვნების პასუხისმგებლობაც გადმოდის შენზე. მე მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობაც, რადგან ძალიან დათრგუნული ვარ, ქალაქში ამდენი რამე კეთდება და არადაბალანსებული შეფასება წამოვიდა მოსახლეობიდან. მოსახლეობამ თუ გაავლო პარალელი, რა იყო და რა არის დღეს… შუქის სახლში მიყვანისთვის კილომეტრობით კაბელს ყიდულობდნენ, არ იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბევრი რამ.

 

 

ეს შეიძლება იმას გამოეწვია, რომ მოსახლეობის აზრი ქალაქის განვითარების დროს არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული?

 

 

გაღიზიანების ფაქტორი იყო სხვადასხვა, მაგალითად, ბაღში მიიყვანა ბავშვი და არაა საკმარისი ადგილი. ეს მოსაგვარებელი იყო თვითმმართველობის მიერ, ყოველწლიურად 2-3 მილიონ ლარს გამოვყოფდით ბაღების გასაკეთებლად.

 

 

იყო რამდენიმე ძვირადღირებული პროექტი, რაშიც მილიონამდე ევროც კი დაიხარჯა და შემდეგ გაქრა ეს პროექტი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ოპერის თეატრის მაკეტს…

 

 

ოპერის თეატრის პროექტი არსებობს, თუ არ ვცდები 2008 წელს მომზადდა. რადგან პროექტი დამუშავდა, ჩვენ ვიყავით ვალდებული, თანხა გადაგვეხადა. რამდენადაც ვიცი, პროექტის სრულყოფილი ვერსია არსებობს. პროექტების თანხა ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტისთვის არ მოგვიკლია. ეს პროექტი განვაცხადეთ ცენტრალურ ხელისუფლებაში და მხარი დაგვიჭირეს. შემდგომშიც თუ იქნება მხარდაჭერა, კარგია. 

 

 

თქვენ, როგორც თვითმმართველობას, შეგეძლოთ თუ არა გეთქვათ ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ ადგილობრივ ძალებს გამოიყენებდით და არა ერთ ესპანურ სამშენებლო ჯგუფს, რომლის პროექტებიც მუდმივად იმარჯვებდა ბათუმში?

 

 

15 წლის წინ საინჟინრო პროფესია იყო არაპრესტიჟული, კადრები არ იყო. ამიტომაც რთული კონსტრუქციის პროექტებს უცხოელ სპეციალისტს ვუკვეთავდით. დანარჩენი შენობების უმეტესობა ადგილობრივი პროექტებია.

 

 

გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ბათუმის ისტორიული ნაწილის შეცვლაზე?

 

 

თუ რომელიმე პროექტი გაკეთდა ისე, რომ მან გააუარესა რაღაც მომენტი, ეს უნდა იყოს პრობლემური…

 

 

თქვენი აზრით, ეროვნული ბანკის, როგორც კულტურული ძეგლის მდგომარეობა გაუარესდა თუ გაუმჯობესდა?

 

 

რათქმაუნდა, როცა შენობა იცვლება, ძველი სახე მას აღარ უნარჩუნდება, მაგრამ ეს გარკვეულწილად გამართლებულიცაა.

 

 

ფოსტის შენობაზე რას ფიქრობთ, უნდა გაგრძელდეს ეს პროექტი თუ არა?

 

 

ფოსტის შენობის იმავე ფორმით დატოვებაც შეიძლება, მაგრამ ის რაც არის, ფოსტის წინა ხედს არ ეხება, შიგნით ჩნდება დამატებითი რაღაც. მთელი ფასადი შენარჩუნებულია. იქ საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო არასტანდარტული მიშენებებით, იქ რაც დაგეგმილია, სწორედ იმ ფართობზე უნდა აშენდეს. ხშირ შემთხვევაში, მინახავს ჩინეთშიც, გემანიაშიც, გარე ფასადი შენარჩუნებულია, მაგრამ შიგნით განსხვავებულია –  ან სუპერმარკეტია გახსნილი, ან სხვა რამე. თითო სართულის დამატება იმავე არქიტექტურით, არ არის ცუდი მომენტი. დავუშვათ დაიშალა ეკლესია, უნდა ავაშენოთ ჩამოსხმით, თუ ისევ ძველი ქვები უნდა მოვძებნოთ? ეს ყოველთვის საკამათო იქნება.

 

 

შესყიდვებს მინდა დავუბრუნდე. რატომ ხდებოდა, რომ ერთი და იგივე პირები იმარჯვებდნენ ტენდერებში. რამდენად სამართლიანად ხორციელდებოდა შესყიდვები?

 

 

ჩვენ არ გვაქვს შეზღუდული, რომ პირმა თუ ერთხელ გაიმარჯვა, სხვა ტენდერში არ მიიღოს მონაწილეობა.

 

 

კომპანია, რომელიც ერთი ტენდერის პირობას ვერ ასრულებდა, ახალ დაკვეთას რატომ იღებდა?

 

 

ჩვენ ვართ მაქსიმალისტები და გვინდოდა, მოკლე დროში შესრულებულიყო. ისეთი დეტალები ჩნდებოდა, საზღვარგარეთიდან ტრანსპორტირების და სხვა უამრავი რამ –  ეს გვაიძულებდა, ვადების გაგრძელებას, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რა შედეგიც მივიღეთ.

 

შესყიდვების დროს მნიშვნელობა არ ენიჭებოდა მეგობრობას?

 

 

შეიძლება ვიღაცის ნაცნობი ყოფილიყო, მაგრამ ამ ნიშნით ვალდებულების აღება ვერ მოხდებოდა.

 

 

აჭარგანათებასმილიონიანი ტენდერები რომ ჰქონდა მოგებული, ეს არ იყო განპირობებული იმით, რომ კომპანიის მფლობელი მერის ნათლია იყო?

 

 

რადგან ჩემი ნათლია ხარო, ვერ დაბლოკავდა ტენდერში მონაწილეობისგან. მერს არანაირი გავლენა არ მოუხდენია კომისიაზე. „აჭარგანათებაში“ ჰქონდათ გამოცდილება და კვალიფიციური სპეციალისტები ჰყავდათ.

 

 

ახლა მერი თქვენ ხართ, თქვენ დაუშვებთ იმავეს, რომ თქვენი ნათლულის კომპანიამ გაიმარჯვოს ტენდერში?

 

 

მე ვაკონკრეტებ, რომ ბატონ რობერტს მისთვის არანაირი პრივილეგია არ მიუცია. და ეს არაერთხელ დაფიქსირდა, ყოველთვის ხდებოდა ამ კომპანიის ეჭვის ქვეშ დაყენება და შემოწმება, მაგრამ კომპანიამ შეასრულა ვალდებულებები, არავის ზედმეტი მისთვის არ მიუცია. თუ შესრულებული სამუშაო დადგება ეჭვის ქვეშ, ეს სულ სხვა მომენტია.

 

 

რაც შეეხება ტრანსფერებს, დაწყებული პროექტები დასრულდება?

 

 

ქალაქს გლობალური პროექტები არ აქვს, ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერით ფინანსდებოდა. ჯერ არ ვიცით, ახალი ხელისუფლება რას გადაწყვეტს. დაწყებული პროექტები, რომლებიც არის საბიუჯეტო, აუცილებლად გაგრძელდება. წინასწარი გარანტიები არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ თვის ბოლომდე ძირითადი მიმართულებები გამოიკვეთება.

მეორეცაა, შეიძლება ცენტრალურად გამოაცხადონ ტენდერი, მაგრამ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან გავა თანხა.

ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია მოგვცეს იმდენი, რამდენიც თვითმმართველობის ფუნქციის განხორციელებას სჭირდება. მერია და საკრებულო უნდა არსებობდეს და შესაბამისი აიპები. ქალაქის გამწვანება-დასუფთავებაც ჩვენი ფუნქციაა.

 

 

მილიონიანი პროექტები გაქვთ განხორციელებული და შემოსავალს ვერ იღებთ, რატომ?

 

ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის თანხა… არის საერთო სახელმწიფო გადასახადი და ადგილობრივი გადასახადი: პარკირების, დასუფთავების, პრივატიზაციიდან შემოსავლები… ჯამში ეს შეიძლება იყოს 25-30 მილიონი, რასაც ჩვენ მივიღებთ.

 

ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომელსაც პირდაპირი ეთერი ჰქონდა ანბანის კოშკიდან.  რა საეთერო დროზე იყო საუბარი?

 

 

ეს შენობა ბულვარის ადმინისტრაციას გადაეცა მართვაში. ჩვენ გავაანალიზებთ და თუ მართვა მოხდა არაეფექტურად, მაშინ თვითმმართველობა დაიბრუნებს ამ შენობას.

 

 

როგორ აპირებთ კოშკის შენახვას?

 

 

 კოშკს ბიუჯეტიდან შენახვა არ სჭირდება, იმას გადაეცემა სამართავად, ვინც შესაბამის ანაზღაურებას გადაიხდის.

 

 

ხელოვნურად არ შექმნით კრიზისს?

 

 

ხელოვნურად კრიზის არ შევქმნით, მაგრამ ჩვენ ვიტყვით, რომ აი ამისთვის ეს რესურსი გვინდა. თუ ამ რესურსზე უარი გვითხრეს, ვიტყვით, რომ ეს რესურსი არ გვაქვს.

ქალაქი აგრძელებს ცხოვრებას, ჩვენ ჩვენს ვალდებულებას ვაგრძელებთ, ესაა კანონით მინიჭებული უფლება, ხალხის ორი წლის წინ გაკეთებული არჩევანი, რომელსაც თავისი ვადა აქვს, თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ განგებ პრობლემა მოვიგონოთ.

ერთი სახიფათო მომენტი გვაქვს, პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავლები, დაახლოებით 6 მილიონ ლარამდეა. უცხოელ ინვესტორს მაინც გარანტია სჭირდება ხელისუფლებისგან, სანამ არ ჩამოყალიბდება ახალი მიმართულება, როგორი იქნება ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან. ამას ელიან და მომავალ წელს ალბათ განახორციელებენ, მაგრამ ამ წელში დაგეგმილი წინადადებები რაც იყო, უკვე დაგვიკავშირდა რამდენიმე და შეაჩერეს ეს წინადადებები.

 

 

იმიტომ ხომ არ ეშინიათ ინვესტორებს, რომ ქონება მთავრობამ მათ უკანონოდ გადასცა?

 

ინვესტორებს ასეთი შიში არ უნდა ჰქონდეთ, ყველაფერი გაკეთდა კანონის ფარგლებში.

 

 

ბოლო დროს სასწრაფოდ ნიშნავენ თანამდებობებზე კადრებს. არის მოსაზრება, რომ ამას ერთი მიზანი აქვს მოწესრიგდეს შავი დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება საგამოძიებო  ორგანოები  დააინტერესოს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

 

 

რატომღაც ლაიტმოტივად გასდევს, რომ რაღაც დანაშაულებრივ საქმეს ვაკეთებთ. არასწორია ეს ეჭვი, ასეთ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. ვერ იქნებოდა ვერანაირი შავი დოკუმენტაცია. ამ ყველაფრის უკან დგას საგადასახადო სისტემა და ამ დოკუმენტაციის შეუთავსებლობა პრობლემას შექმნიდა. ბიუჯეტიდან ვერანაირი თანხა ვერ გავიდოდა, თუ ამის შესაბამისი გარანტიები არ იქნებოდა.

 

 

ამ ეჭვის საფუძველი ის ხომ არ არის, რომ ბევრი რამ გამჭვირვალე არ იყო?

 

გამჭვირვალე იყო ყველა საქმიანობა და არაერთ წერილზე გვიპასუხია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი