ახალი ამბები

თამაზ თამაზაშვილმა ციხე დატოვა

10 ოქტომბერი, 2012 •
თამაზ თამაზაშვილმა ციხე დატოვა

“ყოველთვის ველოდი გათავისუფლებას იმიტომ, რომ მართალი კაცი ვიყავი, ავტომატი ჩამიდეს და თქვენც კარგად იცით, როგორ გააპიარეს, თითქოს გამტაცებელი ვიყავი, ნარკოტიკებთან მქონდა კავშირი – ეს ყველაფერი იყო ტყუილი”, – განუცხადა თამაზ თამაზაშვილმა გლდანის ციხესთან. ოჯახი თამაზაშვილის გათავისუფლებას მიმდიანრე პოლიტიკურ პორცესებს უკავშირებს და აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაბარებამდე ციხიდან მის გამოშვებას არ ელოდნენ.

 

ადვოკატ შალვა თადუმაძის თქმით, თამაზაშვილს ციხეში ყოფნის ვადა გასდიოდა ამა წლის 11 ოქტომბერს, თუმცა პატრიარქის თხოვნის გამო მას ერთი დღით შეუმსუბუქდა სასჯელი და 10 ოქტომბერს ამიტომ დატოვა საპყრობილე. თამაზაშვილს პატიმრობა სულ 3.5 წლით ჰქონდა მისჯილი და ჯერ მხოლოდ ერთი წელი იყო გასული, თუმცა ბრალის აღიარების გარეშე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. 

 

“თამაზაშვილი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და არ აღიარებს მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ პროკურატურა წამოვიდა იმ შეთანხმებაზე, რომ აკმაროს სასჯელად ერთი წელი”, – განაცხადა თამაზაშვილის ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესის სასამართლოს სისხლის  სამართლის საქმეთა პალატამ  9 ოქტომბერს დაამტკიცა პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო  შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თამაზაშვილი გასული წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა  ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა– შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, როდესაც ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი პირველი ვიდეომასალა გავრცელდა, შსს-მ განაცხადა, რომ თამაზ თამაზაშვილი გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას უკვეთავდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე თამაზაშვილი სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ და, შესაბამისად, მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი იყო.

 

თამაზ თამაზაშვილის სიძე – ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში შს მინისტრის პოსტზეა წარდგენილი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “ქართული ოცნების” ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი