ახალი ამბები

ენმ ყოფილ თანაგუნდელებს საპარლამენტო ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს

15 იანვარი, 2017 • 1793
ენმ ყოფილ თანაგუნდელებს საპარლამენტო ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ყოფილ თანაგუნდელებს საქართველოს პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ დღეს თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პარტიის დეპუტატების უმეტესობამ ენმ დატოვა, ფრაქციის შენარჩუნება პროცედურული ხრიკი და ორმაგი თამაშია, რითაც ისინი ამომრჩევლის დაბნევას ცდილობენ:

“აცხადებენ, რომ ისინი არ დატოვებენ ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას პარლამენტში. 13 იანვარს ჩაატარეს ფრაქციის სხდომა, სადაც გადაირჩიეს თავმჯდომარე, შეიტანეს ცვლილება წესდებაში და შეუცვალეს სახელი ფრაქციას პარლამენტში. ისინი აცხადებენ, რომ არ ტოვებენ ფრაქციას. ამგვარი პროცედურული ხრიკები არის მათი მხრიდან ორმაგი თამაში, რომ დააბნიონ ამომრჩეველი და ამასთანავე, ამ ფრაქციის შენარჩუნებით შეინარჩუნონ თანამდებობები და ის სარგებელი და სიკეთეები, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას მოაქვს” – თქვა ბოკუჩავამ. 

ამ საკითხზე ჟურნალისტებს აკაკი მინაშვილიც ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამოდინარე, ბოკერიასა და მის თანაგუნდელებს მოუწევთ ფრაქციის დატოვება და ახალი ფრაქციის შექმნა:

“ის ფრაქცია, რომელშიც დღეს არიან, არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია. გუშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებთან, მათ განაცხადეს, რომ თურმე ამ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ”ნაციონალური მოძრაობიდან” – ამბობს მინაშვილი.

მისი თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ჰყავს საკმარისი წარმომადგენლობა  იმისათვის, რომ სრულად წარმოადგინოს პარტიის ამომრჩეველთა ნება და ინტერესი და ფრაქციის გნახლებისთვის პარტია ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს.

ბოკუჩავას განცხადებას ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ” უპასუხა. მათი თქმით, “ევროპული საქართველოს” ამოცანა არ არის ენმ-ისთვის პარლამენტის ფარგლებში საქმიანობისთვის ხელის შეშლა:

“ფრაქცია ევროპული საქართველო არ უშლის ხელს ენმ-ს ფრაქციის შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეტალები, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით გაუგებარი იყოს ჩაუხედავი პირისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ამ თემასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციები გავუწიოთ ენმ-ის წარმომადგენლებს პარლამენტში, რათა მათ შეძლონ ფრაქციის შექმნა და ნორმალური ფუნქციონირება” – ნათქვამია განცხადებაში.


მას შემდეგ, რაც ემნ-ის დეპუტატების უმრავლესობამ და ლიდერების ნაწილმა პარტიის დატოვების შესახებ საჯაროდ განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციას სახელწოდება და თავმჯდომარე შეუცვალეს. ფრაქციის ახალი სახელწოდებაა “ევროპული საქართველო”, ხოლო თავმჯდომარე ნიკა მელიას ნაცვლად სერგო რატიანი გახდა.

შეიცვალა ელენე ხოშტარიას ფრაქციის სახელწოდებაც (“ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისათვის”) და დაერქვა “ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვის”. ამ ფრაქციას დაემატნენ დეპუტატები – თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი