ოფიციალური ბრძანების მიხედვით, შრომითი ურთიერთობები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემის წამყვანთან და პროდუსერთან, ვახო სანაიასთან, აღმასრულებელ პროდუსერებთან, რუსუდან ვაშაკიძესთან და დავით ქართველიშვილთან და კორესპონდენტებთან, მარიამ ოშხნელთან, მარიამ სიხარულიძესთან და თამრიკო სურგულაძესთან გაწყვიტა.  

 

ვახო სანაიამ დღესვე, 9 ოქტომბერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო მასალა განათავსა, სადაც ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გია ჭანტურია გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით კამათობენ. 

 

სანაიას ვარაუდით, გადაცემის დახურვას ორი მიზეზი ჰქონდა – მაუწყებლის ფორმატის შეცვლა – საზოგადოებრივიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურზე გადასვლა და არჩევნების წინ, მისი სტუდენტურ აქციაზე გამოჩენა.

 

საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემების დახურვის ფაქტს საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი უკვე გამოხმაურა:  

 

“ვახო სანაიას ავტორობით მომზადებული გადაცემები თითქმის ერთადერთია, სადაც შესაძლებელია განსხვავებული პოზიციების მქონე პირებს შორის გამართული დებატების მოსმენა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მრავალმხრივი დისკუსიის ხილვა.”

 

განცხადებაში, საია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეისათვის ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ  დებატების ფორმატის მქონე თოქშოუების ყოველდღიურ მიწოდებას მაყურებლისთვის: 

 

“თითქმის არ მოიძებნება გადაცემები, სადაც შესაძლებელია განსხვავებული პოზიციების, დაპირისპირებისა და დებატების მოსმენა. საკმაოდ მწირია პოლიტიკური თოქშოუები და საგამოძიებო სიუჟეტები, შესაბამისად, სათანადოდ ვერ სრულდება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მსგავს მოცემულობაში ლოგიკურია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა დებატების ფორმატის მქონე გადაცემების რიცხვის და ინტენსივობის გაზრდაზე აკეთებდეს აქცენტს, ვიდრე არსებული გადაცემების დახურვაზე.”

 

რაც შეეხება ვახო სანაიას მეორე გადაცემას “ევროპული არჩევანი,” მისი ახალი წამყვანის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

 

როგორც ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, “ევროპული არჩევანი” არ დაიხურება იმ ვალდებულების გამო, რომელიც მაუწყებელს გადაცემის მხარდამჭერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან” გააჩნია. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *