“უკანონო შემომწირველებთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა მიიღო შესაბამისი გადაწყევტილება. სააღსრულებლო წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს, გააუქმოს აღსრულება, თუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცედურული, ან სხვა ტიპის დარღვევებით”,– განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.
ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტულად რა ტიპის დარღვევები აღმოაჩინა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკანონო შემომწირველთა ქონების დაყადაღების საქმეში, თუმცა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განგვიცხადა, რომ მას არ შეუძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ხვალ გვეტყვის, უწყების ხელმძღვანელობიდან ვინმე განმარტავს თუ არა საკითხს.
ბესიკ ლილუაშვილის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო 15 ფიზიკურ და იურიდიულ პირს უბრუნებს აუდიტის

სამსახურის მოთხოვნის შედეგად დაყადაღებულ ქონებას, მათ შორისაა ივანშვილის კუთვნილი შპს “ბურჯის” საკუთრებაც. აღსურლების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მათ, ვისი ქონებაც აუქციონზე უკვე გაიყიდა, ფინანსური კომპენსაცია გადაეცემათ, უწყება კი გააგრძელებს უკანონო შემოწირულობისთვის დაჯარიმებულთა საქმეების განხილვას. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ნიკა მელია ხელმძღვანელობს. ის აღნიშნულ უწყებაში სხვადასხვა თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობს, მანამდე კი საქართველოს უშიშროების საბჭოში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის გაზაფხულ–ზაფხულში, სახელმწიფო აუდიტის მოთხოვნის შესაბამისად, ქართველმა მოსამართლეებმა პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის განხორციელების გამო ათეულობით მილიონობით ლარით დააჯარიმეს ათეულობით ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან იყო დაკავშირებული.