
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვინაობის შესახებ ბათუმში ჯერ მხოლოდ ვერსიებს განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით მთავრობის თავჯდომარის პოსტზე ბანკი „ქართუს“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე განიხილება, თუმცა „ბათუმელებთან“ საუბრისას ის კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და მას ჭორს უწოდებს: „თუ სადმე ჩემი კანდიდატურა განიხილება, დამერწმუნეთ, ეს ჯერ მე მეცოდინებოდა, რაკი მე არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ ჭორია” – ამბობს არჩილ ხაბაძე. იგი დასძენს, რომ თუ ასეთ შეთავაზებას მიიღებს, „სახტად დარჩება“. მისი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი ასეთია: მთავრობის თავჯდომარედ უნდა იყოს კანდიდატურა, რომელიც შეიძლება აქ არ ცხოვრობს, მაგრამ რეგიონის სპეეციფიკა იცის, უნდა იყოს ცნობადი და ამვდროულად კარგი რეპუტაციის მქონე.
არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული და შემდეგ მისგანვე დაზარალებული ბიზნესმენის, გერმანიაში გადახვეწილი ქიბარ ხალვაშის კანდიდატურაც. ქიბარ ხალვაში ამ შესაძლებლობას თითქმის კატეგორიულად გამორიცხავს.
ქიბარ ხალვაში: „დღეს სოციალურ ქსელებში ვნახე ეს თემა. თუ მენდობით, ამ თემაზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა. მე ვისურვებდი ისეთ ადამიანს, რომელიც ყველაზე ეფექტური იქნება და თავისი ქვეყანა, თავისი კუთხე პირად ეგოზე მეტად უყვარს. ვფიქრობ, არსებობენ ასეთი ადამიანები. მე ჩემი თავი ასეთად არ მეგულება…“
ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში ნამდვილად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და თავისი ბიზნესის დაბრუნებას: “უბრალოდ, მე თავისუფლებას მიჩვეული ადამიანი ვარ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და არც მინდა, რომ გავერკვე, ისე მეშინია, როგორც ნარკოტიკის. იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიხარია და შემიძლია. მომავალი წარმატება გაცილებით ბევრად არის დამოკიდებული ჩემზე, ვიდრე ეს პოლიტიკაში შეიძლება იყოს“.
კიდევ ერთი პირი, რომელიც, ფაქტობრივად, არც უარყოფს და არც ადასტურებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესაძლებლობას, საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია.
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას კოალიცია ქართული ოცნებიდან საზოგადოებას გააცნობს კოალიციის ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბუნებრივია, პროცესები მიდის და ამ პროცესის დასასრული იქნება სწორედ ბიძინა ივანიშვილის განცხადება. კანონის თანახმად, არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში შეიკრიბება აჭარის უმაღლესი საბჭო და ათი დღის ვადაში უნდა იქნას წარმოდგენილი პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.
… ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრი, არაოფიციალური ვერსიით და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, საკუთარი თავი განიხილოს ამ პოსტზე… მათ შორის პარლამენტის წევრსაც. ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას“, – ეს ციტატა მურმან დუმბაძეს ეკუთვნის.
აპირებს თუ არა გადადგომას ლევან ვარშალომიძე? – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი ამ კითხვაზე ეკა დავითაძემ, მისმა პრესსამსახურის თანამშრომელმა გვიპასუხა: „ის ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. ის ახალი უმაღლესი საბჭოს მოწვევამდე რჩება თავმჯდომარის პოსტზე. სამომავლოდ ამ თანამდებობაზე მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომაზე გადაწყდება კანონის სრული დაცვით. დაელოდეთ უმაღლესი საბჭოს შეკრებას“.
დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, ლევან ვარშალომიძემ უკვე მიმართა გამოსამშვიდობებელი სიტყვით თავის თანამშრომლებს და ბოდიშიც მოუხადა, რომ მათი „დაცვა ვერ მოახერხა“.
ამ ინფორმაციას ვარშალომიძის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.
ლამის ცხრაწლიანი მუშაობის პერიოდში ლევან ვარშალომიძეს „ბათუმელებთან“ მხოლოდ რამდენჯერმე აქვს კომენტარი გაკეთებული. პირველად მას ინფორმაციის გადამოწმების მიზნით 2004 წლის იანვარში დავუკავშირდით. სწორედ მაშინ, ასევე არაოფიციალურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ასლან აბაშიძის შემცვლელად რეგიონის მოსახლეობისთვის სრულიად უცნობი ლევან ვარშალომიძის კანდიდატურას განიხილავდნენ. ვარშალომიძემ ეს ინფორმაცია 2004 წლის იანვარში არ დაადასტურა: „ალბათ წარდგინებაზე გინდათ მკითხოთ რამე, დამტკიცებული ჯერ არაფერია, კომენტარისთვის კვირის ბოლოს დამიკავშირდით“.
გურამ ვარშალომიძემ, ლევან მარშალომიძის მამამ და თავის მხრივ, ასლან აბაშიძის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, მაშინ ბევრად ცხადი განცხადება გააკეთა. გურამ ვარშალომიძემ 2004 წლის იანვარში თქვა: „მე მშვიდობა და სტაბილურობა მინდა, ჭორებს ბოროტი ენები ავრცელებენ. ლევანს ბევრჯერ შესთავაზეს თანამდებობა, მაგრამ ამით ის არასდროს დაინტერესებულა. ახლა უკრაინაში თავის ახალ წიგნს უშვებს და ამ საქმით არის დაკავებული… თუმცა შეუცვლელი არაფერია“.