ახალი ამბები

იტყვის თუ არა ხელისუფლება უარს ფარული უკანონო მოსმენის შესაძლებლობაზე

10 იანვარი, 2017 • 6652
იტყვის თუ არა ხელისუფლება უარს ფარული უკანონო მოსმენის შესაძლებლობაზე

საქართველოს პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეცვალოს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რის შედეგადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეღარ უნდა შეძლოს მობილურ ოპერატორებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენის განხორციელება. კანონპროექტის შესამუშავებლად სამუშაო ჯგუფი 10 იანვარს პირველად შეიკრიბა. როგორია ჯგუფის წევრების პოზიციები? როგორი შეიძლება იყოს ახალი კანონმდებლობა?

საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ გამოძიებასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საშუალებას აძლევდა, მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის საშუალებით მოესმინათ პირადი საუბრებისათვის. მოქმედი რეგულაციების შეცვლისთვის და შემდეგ ახალი წესების შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციურ და ტექნიკურ უზრუნველყოფისთვის კი 2017 წლის 31 მარტამდე მისცა დრო.

ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შემუშავების მიზნით ახალი სამუშაო ჯგუფი 2017 წლის იანვარში შეიქმნა და 32 წევრისგან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან, დაკომპლექტდა. 10 იანვრის, პირველი შეხვედრის შემდეგ ირკვევა, რომ ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი ჯერჯერობით ბოლომდე ვერ თანხმდებიან მნიშვნელოვან საკითხებზე.

ხელისუფლების პოზიცია

როგორც ირკვევა, მმართველ გუნდს წინასწარ შემუშავებული პროექტი არ აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 10 იანვარს აღნიშნულ საკითხზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და თქვა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები დაწყებულია არასამთავრობო სექტორთან და “შესაბამისი კანონის გადასინჯვა უზრუნველყოფილი იქნება”.

კანონპროექტი არა, მაგრამ ხელისუფლებისა და სუს-ის გამოკვეთილი პოზიცია არსებობს: დაცული უნდა იყოს ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას შორის. უსაფრთხოების საკითხებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსს ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე:

“ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ მოქალაქეს, საზოგადოებრიობას არ შეექმნას უსაფრთხოების პრობლემა, ჩვენ რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად ეფექტურად, როგორც შიდა ქვეყნის უსაფრთხოება, ისე საგარეო საფრთხეები. აქედან გამომდინარე, შევეცდებით, მოვძებნოთ ოპტიმალური ვარიანტები”, – უთხრა ტაბატაძემ ჟურნალისტებს 10 იანვარს, ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყების წინ.

ზვიად დევდარიანი გამოდის სიტყვით. საპროტესტო აქცია უკანონოს თვალთვალის წინააღმდეგ თბილის, 2016 წლის 19 მარტს © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ზვიად დევდარიანი გამოდის სიტყვით საპროტესტო აქციაზე უკანონო თვალთვალის წინააღმდეგ. თბილისი, 2016 წლის 19 მარტი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მსგავსი პოზიცია აქვთ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საუბრობს ორ პრინციპზე, რომლის “განუხრელად დაცვა უნდა მოხდეს” კანონის საბოლოო მოდელზე შეთანხმებისას: 1) ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი 2) ქვეყნის შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს რთული გეოპოლიტიკური ლოკაცია აქვს და ამიტომ მნიშვნელოვანია, შესაძლებლობები უსაფრთხოების სფეროში არ დასუსტდეს რეფორმებით, რომლის გატარებასაც ჩვენ გადავწყვეტთ, უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. 

იგივე რიტორიკა ჩანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის, განცხადებაში, სადაც ის ამბობს, რომ “ყველგან ამ სისტემაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება”. თუმცა ეს პოზიცია ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზება

კანონპროექტები მომზადებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის “ეს შენ გეხება” წარმომადგენლებს. მათ მიერ წარმოდგენილი მოდელის მთავარი პრინციპია, რომ ე.წ “შავი ყუთის” გასაღები გამოვიდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და შეიქმნას დამოუკიდებელი სააგენტო.

“ეს გასაღები არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც აქვს გამოძიების ფუნქცია, ანუ პროფესიულად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს. აქედან გამომდინარე, [პარლამენტს] ვთავაზობთ დამოუკიდებელ სააგენტოს, რომელიც იქნება მაქსიმალურად დისტანცირებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ძალოვანი სტრუქტურებისგან და რომელიც ეფექტურად გაკონტროლდება საქართველოს პარლამენტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოს მიერ”, – უთხრა ჟურნალისტებს ლიკა საჯაიამ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა.

უარყოფითად შეაფასეს არასამთავორო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პოზიცია დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით: ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ არასამთავრობოების მიერ შემოთავაზებული ასეთი მოდელი არც ერთ ქვეყანას არ აქვს და არ გვინდა, საკუთარ ქვეყანაში ვატაროთ ექსპერიმენტები.

“ექსპერიმენტი იყო ის, რაც დღეს გვაქვს – “ორგასაღებიანი” სისტემა, რომელიც არც ერთ სახელმფიწოს არა აქვს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, სამუშაო ჯგუფის წევრმა, გიორგი გოცირიძემ. 

რამდენიმე წლის წინ საქართველოს კანონმდებლობა სამართალდამცავებს უფლებას აძლევდა, საქართველოში პირდაპირი წვდომა ჰქონოდათ ტელეფონებზე და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც მოესმინათ სატელეფონი საუბრები ან წვდომა ჰქონოდათ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე (ე.წ. მეტადატაზე). 2014 წელს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა და გაჩნდა ე.წ “ორგასაღებიანი” სისტემა.

“ორგასაღებიანი სისტემით” შინაგან საქმეთა სამინისტროს (რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) რჩებოდა კომუნიკაციის ოპერატორების სერვერზე პირდაპირი წვდომის უფლება, თუმცა, მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანხმობით. არც ამ მოდელმა დაიმსახურა მოწონება, ამიტომაც “ორგასაღებიანი სისტემის” პრინციპს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია. საბოლოოდ, სახალხო დამცველისა და კამპანიის “ეს შენ გეხება” გაერთიანებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა. პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხს ეხება. სწორედ ამ მიზნითაა სამუშაო ჯგუფი შექმნილი.

გიორგი გოცირიძის ცნობით, 10 იანვარს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ეკა ბესელიამ წარმოადგინა იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევა.

“კვლევაში კარგად ჩანდა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში “გასაღების გადატრიალების” ფუნქცია აქვს ოპერატორებს. ეს მოდელი, რაც აპრობირებულია დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, მათთვისაც [ხელისუფლებისთვის] და არასამთავრობოების ნაწილისთვისაც მიუღებელია იმიტომ, რომ თვლიან, ასეთი მოდელი საფრთხეს შეიცავს, ვინაიდან სხვა ქვეყანასთან შეიძლება იყოს მობილური ოპერატორი დაკავშირებული. ასეთ მოცემულობაში სხვა გამოსავალი არ გვრჩება, უნდა მივიღოთ ისეთი მოდელი, რომელიც პასუხობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს”, – გვეუბნება იურისტი.

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მათ მიერ შეთავაზებული მოდელის მსგავს სააგენტოზე საუბრობს თვითონ სასამართლო და მიგვითითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების 97-ე პარაგრაფზე, რომელშიც საუბარია პროფესიული დაინტერესების არმქონე ორგანოზე:

“სახელმწიფომ, სულ მცირე, თავიდან უნდა აიცილოს ასეთი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის პროფესიულად დაინტერესებული ორგანოს ხელში თავმოყრა, რაც … მასზე დაუსაბუთებლად წვდომის თავისთავადი ცდუნების მატარებელია. შესაბამისად, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოძიების ფუნქციისგან დისტანცირებული, ამ თვალსაზრისით პროფესიულად არდაინტერესებული, ამასთან, დამოუკიდებლობის მყარი და საკმარისი გარანტიებით აღჭურვილი და ეფექტურად კონტროლირებადი ორგანოს მიერ შენახვა, როგორც მინიმუმ, დამაჯერებლად ამცირებს უფლების დარღვევის პოტენციურ რისკებს”, –  ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების 97-ე მუხლში.

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა ბათუმში. ფოტო: ნეტგაზეთი

გიორგი გოცირიძის აზრით, დიდი არჩევანი კანონის ცვლილებისას პარლამენტს არა აქვს, რადგან “ნებისმიერი ასეთი გადაწყვეიტლება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებს გადაძალვა”. ასე რომ, “გასაღები” არ შეიძლება ჰქონდეს რომელიმე საგამოძიებო ორგანოს, მათ შორის, არც თავდაცვისა თუ იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფებს.

სამუშაო ჯგუფის წევრების უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენელია (პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ა.შ). 5 წევრი კი არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაა: გიორგი ბურჯანაძე „ღია საზოგადოება – საქართველოდან”, ლიკა საჯაია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან” (TI), გიორგი გოცირიძე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აოსციაციიდან” (საია), ნინო რიჟამაძე “სამართლიანი არჩევნებიდან” (ISFED) და გურამ იმნაძე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან” (EMC).

სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 2017 წლის 16 იანვარს გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე ელოდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებისგან ალტერნატიული ვერსიის შემოთავაზებას, ასეთის გაჩენამდე კი დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ შეთავაზებული დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის პრინციპი ოპტიმალურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი