ახალი ამბები

საზოგადოების წარმომადგენლებმა ზაზა ბურჭულაძეზე თავდასხმის გამოსაძიებლად პოლიციას მიმართეს

7 ოქტომბერი, 2012 •
საზოგადოების წარმომადგენლებმა ზაზა ბურჭულაძეზე თავდასხმის გამოსაძიებლად  პოლიციას მიმართეს

“არა ძალადობას! ეს არის ჩვენი აქციის მთავარი მოთხოვნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ძალადობა უნდა აღიკვეთოს. ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის თვითგამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული’’. – აღნიშნა “ნეტგაზეთთან” აქციის მონაწილემ, მწერალმა პაატა შამუგიამ. 

აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ: დრამატურგი დათო გაბუნია, “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენელი თეა თუთბერიძე.

აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია :

“მიუხედავად იმისა, რომ თავად დაზარალებული ზაზა ბურჭულაძე არ აპირებს სარჩელის შეტანას და ამ ჟესტით მის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს ტოლერანტობისკენ მოუწოდებს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოძალადეებს არ უნდა მიეცეთ ხელოვანებზე ზეწოლის უფლება. ასეთ ფაქტებზე თვალის დახუჭვა  მორიგ ძალადობაზე მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. 

შავრაზმელი ფსევდომორწმუნეები და ნეოფაშისტები მის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

ჩვენ ასავალ-დასავალისაგან განსხვავებით გაგვაჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა. მიუხედავად ბევრი საეჭვო გარემოებისა, წინმსწრებად არ ვამბობთ, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო აგრესორი”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პოლიციის რეფორმის ფარგლებში, პოლიციას სთავაზობენ, რომ ასეთი ტიპის დამნაშევეებისთვის გახსნან “კარცერ-ლუქსები”, რათა დამნაშავეებს მიესაჯოთ ლიტერატურის კითხვა, პირველ რიგში კი იმ ავტორის მთელი შემოქმედების წაკითხვა, რომელზეც მან აგრესია განახორიელა. 

მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ დაგმო გაზეთ “ასავალ-დასავალში” გამოქვეყნებული პუბლიკაცია გლდანის ციხის თანამშრომელთა მისამართების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. ხოლო შემდეგ, მოგვიანებით სატელევიზიო დებატებში შეკამათება მოხდა მწერალსა და პუბლიკაციის ავტორს შორის. რის შემდეგაც მას 5 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ზაზა ბურჭულაძემ ტვინის შერყევა მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი