ახალი ამბები

უამინდობის გამო სტამბულის აეროპორტებიდან ასობით ფრენა გაუქმდა

10 იანვარი, 2017 • 16379
უამინდობის გამო სტამბულის აეროპორტებიდან ასობით ფრენა გაუქმდა

თურქული გამოცემა “დეილი საბაჰის” ინფორმაციით, სამდღიანი გადაუღებელი თოვის შემდეგ სტამბულის აეროპორტებში ასობით ფრენა გაუქმდა, ძლიერ თოვასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო დაიხურა სკოლები, მოძრაობა დროებით შეწყდა ბოსფორის ხიდზეც. სტამბულის მიმართულებით ფრენები გაუქმდა თბილისიდანაც.

სტამბულის მერის თქმით, ქალაქში ასეთი დიდთოვლობა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა. გამოცემა “დეილი საბაჰის” ცნობით, თოვლის საფარმა სტამბულის დასავლეთ ნაწილში 122 სმ-ს მიაღწია. გამოცემა “ჰურიეტის” ინფორმაციით, კომპანია “თურქიშ ეარლაინზმა” 9 იანვარს (Turkish Airlines) 227 შიდა და გარე რეისი გააუქმა ათათურქისა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტებიდან.

“ტავ ჯორჯიას” (კომპანია, რომელიც თბილისის აეროპორტს ფლობს) პრესსამსახურის ინფორმაციით, ყოველდღიურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით 6 რეისი სრულდება (სტამბული-თბილისი და თბილისი-სტამბული). დღის 11:30 საათის ინფორმაციით, 10 იანვარს სტამბულის მიმართულებით დაგეგმილი 6 რეისიდან ერთი შესრულდა, 3 გაუქმდა (მათგან ორი რეისი იყო საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტის მიმართულებით, ერთი – ათათურქის სახელობის აეროპორტის მიმართულებით). პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის 10 იანვარს კიდევ ორი რეისია სტამბულის მიმართულებით დაგეგმილი.

worldweather.wmo.int-ის (საიტზე მითითებულია, რომ ინფორმაციას იღებს თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური ცენტრიდან) ამინდის პროგნოზის თანახმად, სტამბულში 10 იანვარს ჰაერის ტემპერატურა -3°C იქნება, 11 იანვარს 0-მდე გაიზრდება, 12 იანვარს კი 3 გრადუსამდე ავა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი თოვისა და უამინდობის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა უამინდობა მიგრანტებისთვის – მაგალითად, თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე იპოვეს დაღუპული ერაყელი და სომალელი ლტოლვილები. უამინდობის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ იტალიაში, ჩეხეთში, რუსეთში, პოლონეთსა და უკრაინაშიც. ევროპის მასშტაბით გადაიდო ასობით ფრენა, თოვლითაა დაფარული საბერძნეთის კუნძულები.

7 იანვირდან სტამბულში ჰაერის ტემპერატურამ 0-ს ქვემოთ ჩამოიწია, ძლიერმა თოვისა და ყინვის გამო ასობით ფრენა გადაიდო. ფოტოზე: ხედი გალატის კოშკიდან. 8 იანვარი, სტამბული, თურქეთი. ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLU

7 იანვირდან სტამბულში ჰაერის ტემპერატურამ 0-ს ქვემოთ ჩამოიწია, ძლიერმა თოვისა და ყინვის გამო ასობით ფრენა გადაიდო. ფოტოზე: ხედი გალატის კოშკიდან. 8 იანვარი, სტამბული, თურქეთი. ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLU

მასალების გადაბეჭდვის წესი