როგორც სალომე ჯაში აღნიშნავს, თავდასხმა გადაცემა “პოლიტმეტრში” ზაზა ბურჭულაძის მოთხრობიდან მოყვანილმა ტექსტმა გამოიწვია, რომელიც გადაცმის ერთ-ერთმა სტუმარმა, გაზეთ” ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად წაიკითხა:
“გადაცემაში ზაზა გუშინწინ იყო სტუმრად, სადაც გაზეთ “ასავალ-დასავალში” გლდანის ციხის თანამშრომელთა მისამართების გამოქვეყნება გააპროტესტა, ამავე გაზეთის ჟურნალისტმა გადაცემაში მისი მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟის ტექსტი წაიკითხა კონტექსტიდან ამოგლეჯილად. როგორც ჩანს, იმ პირმა, ვინც ზაზას თავს დაესხა, ეს სიტყვები ზაზას სიტყვებად აღიქვა, რამაც მასში აგრესია გამოიწვია”, – აცხადებს სალომე ჯაში.
ზაზა ბურჭულაძეს უცნობი პირი გუშინ რუსთაველზე დაესხა თავს:
“ის ქუჩაში მოდიოდა, როცა მასთან უცნობი პირი მივიდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. იყო ასევე მუქარა, რბილად რომ ვთქვათ, ეუბნებოდა, სადაც გნახავ, არ მოგასვენებო, ზაზამ ტვინის შერყევა მიიღო და ამჟამად ის სახლში წევს. ჩვენ პოლიციისთვის არ მიგვიმართავს და არც ვაპირებთ, მივმართოთ”, – ამბობს სალომე ჯაში.
საზოგადოების ნაწილში მომხდარმა ფაქტმა პროტესტი გამოიწვია. ხვალ 15:00 საათზე მომხდართან დაკავშირებით აქცია თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან გაიმართება. აქციის მონაწილეები აღნიშნული ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.
ხალხის ნაწილი კი წიგნის მაღაზიებში მისვლას, ზაზა ბურჭულაძის წიგნების შეძენას და სოლიდარობის ასეთი სახით გამოხატვას აპირებს.