ახალი ამბები

გიგი უგულავა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კრიზისშია

9 იანვარი, 2017 • 16231
გიგი უგულავა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კრიზისშია

გიგი უგულავას თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახლა კრიზისში იმყოფება და პარტია ამ მდგომარეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადალახავს, თუ ენმ-ის წევრებს პასუხისმგებლობა ეყოფათ:

“პარტია კრიზისის წინაშე იმყოფება. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ პარტია გაივლის, თუ ვერა, დარჩენილია ძალიან ცოტა რესურსი, როგორც ტელეფონის ბატარეა, პროცენტებით რომ იზომება, ძალიან ცოტაა დარჩენილი – შეიძლება ვთქვათ, 5-2, ყოველდღიურად შეიძლება ეს მცირედებოდეს [დარჩენილი რესურსი]” – ამბობს უგულავა.

ნაციონალური მოძრაოების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა:

“სამწუხაროდ, ძალიან რთულია ტელეფონით კომუნიკაცია. უფრო რაღაც მოკითხვის, ადამიანურ დონეზე. კომუნიკაციის პრობლემა იმ თვალსაზრისით არის, რომ მე ჯერჯერობით ვერ გავდივარ ქვეყნიდან, ის კი უკრაინაში არ არის. არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ეს ყველაფერი, თუმცა, თუ მოხერხდება, კარგი იქნება” – თქვა გიგი უგულავამ.

უგულავამ ჯერ კიდევ ნოემბერში გაავრცელა წერილი, სადაც თანაპარტიელებს, მხარდამჭერებს მიმართავს და საპარლამენტო არჩევნებსა და პარტიის გადაწყვეტილებებს აფასებს. უგულავა საკუთრ წერილში პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროებასაც უსვამდა ხაზს.

ვრცლად, თუ რაზე უპირსპირდებიან ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, გაეცანით ბმულზე.


6 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უგულავას საქმე განიხილა და ის პატიმრობიდან გაათავისუფლა.

საქმე ეხებოდა “თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდს. ბრალდების თანახმად, თბილისის ყოფილმა მერმა “თბილსერვისში” პარტიული აქტივისტები დაასაქმა და გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი თანხები. თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მართებული არ იყო. 4 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ საბოლო სიტყვის უფლება გამოიყენა და საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს დამნაშავედ ცნო “თბილსერვისისა” და “ტელეიმედის” “ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან” დაკავშირებულ საქმეზე, რაც თავის მხრივ რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს უკავშირდება. უგულავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ხოლო “თბილსერვისის” საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი