როგორც თამაზ ენუქიძე აცხადებს, დაშავებულია მათი წარმომადგენელი გერონტი გელაშვილი, ხოლო გამგებლის ცემის ფაქტს თამაზ ენუქიძე უარყოფს:
“ჩვენ გვყავს წევრი გერონტი გელაშვილი, რომელიც არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი საოლქოში, ეს კაცი გამოვიდა საოლქოს შენობიდან, ფირზეც დაფიქსირებულია, რომ თვითონ გამგებელი და მისი მოადგილე გამოყვნენ და ცემეს მაგრად, დასისხლიანებული იყო, გამგებლის მოადგილეს პერანგიც კი ჰქონდა დასვრილი მისი სისხლით, რომელიც მერე გამოიცვალა. შემდეგ ადგილზე მივედით ჩვენც და ვცდილობდით გაგვეშველებინა, ფირზეც გვაქვს გადაღებული – გამგებელი ამბობს, მე დავარტყი, მე ვცემეო”, – აცხადებს თამაზ ენუქიძე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე ხალხი შეიკრიბა, დავამ გამგეობის შენობაში გადაინაცვლა:
“როდესაც უკვე ხალხის მასა მოვიდა, იქ რომ არაფერი მომხდარიყო, მე გავაყვანინე ისინი და მეც გავყევი პირდაპირ გამგეობის შენობაში, განვმუხტე სიტუაცია. “ოცნების” არც ერთ წარმომადგენელს ფეხიც კი არ ამოუდგამს გამგეობის კიბეებზე და იქ მეტი არაფერი აღარ მომხდარა. საავადმყოფოში იმყოფება მხოლოდ ჩვენი წარმომადგენელი და ხელი არ შეუხია არავის გამგებლისთვის, რატომ წამოწვა იქ, არ ვიცი”, – განაცხადა ენუქიძემ. მისი თქმით, გამგეობის შენობაში შეთანხმება მოხდა, რომ ტელევიზიასთან კომენტარს არ გააკეთებდნენ, თუმცა გამგებელმა კომენტარი მაინც გააკეთა. თამაზ ენუქიძე ასევე აცხადებს, რომ გამგებელი და მისი მომხრეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დამკვირვებლებმა გაავრცელეს, მათი თქმით, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.
ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს:
“სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. მარნეულის გამგებლის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ცნობით, მარნეულის გამგეობის ნაცემი და დაზარალებული თანამშრომლები, სულ ხუთი ადამიანი, გადაყვანილნი არიან ადგილობრივ საავადმყოფოში.







