“მარტო სააკაშვილის არ არის ეგ პარტია” – ენმ-ის წევრები ერთმანეთს პარლამენტში დაუპირისპირდნენ

9 იანვარს, დილის 10 საათზე ოპოზიციური პარტია “ერთნიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) ფრაქციის ჩანიშნული სხდომა, სადაც ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე აპირებდნენ მსჯელობას, არ გამართულა. ენმ-ის ცნობით, გიგი უგულავას თხოვნის გამო, თუმცა პარლამენტში პარტიის წევრები მაინც შეიკრიბნენ და ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, ნიკა მელიასა და, მეორე მხრივ, ენმ-ის სხვა წევრებს – ელენე ხოშტარიას, კაკო ბობოხიძესა და სერგო რატიანს შორის პარლამენტში, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში.

“პარტიიდან გარბიხართ, გარბიხართ შენ, ხათუნა გოგორიშვილი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი… ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას”, – უთხრა ნიკა მელიამ სერგო რატიანს. რატიანმა კი, თავის მხრივ, პარტიულ დაპირისპირებაში სწორედ მიხეილ სააკაშვილის მხარე დაადანაშაულა: “გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ იმას, რასაც აწყობთ”, – უპასუხა სერგო რატიანმა ნიკა მელიას.

დაპირისპირებაში მონაწილეობდა აკაკი ბობოხიძეც, რომელმაც თქვა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პარტია” არ არის — “მიშა სააკაშვილის არ არის მარტო ეგ პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი და სისხლი ჩაუქცევია“, – თქვა აკაკი ბობოხიძემ.

პარლამენტში იმყოფებოდა დეპუტატი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც ნიკა მელიას განცხადებას “იაფფასიანი შოუ” უწოდა, ჟურნალისტებთან კი თქვა, ნიკა მელია ვერ იქნება იმ გუნდის ლიდერი, რომელსაც “ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით” ელაპარაკება.

“ადამიანები, რომლებიც პარტიის ერთიანობასა და “ნაციონალური მოძრაობის” იდეებზე საუბრობენ, საკუთარ პარტიაში და საკუთარ ფრაქციაში ასეთ იაფფასიან შოუს აწყობენ. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ არაფერი ამოძრავებთ გარდა იმისა, გახლიჩონ პარტია”, – უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

ნიკა მელია ჟურნალისტებთან სერგო რატიანმაც გააკრიტიკა, რომელიც ამბობს, რომ ენმ უკვე გაყოფილია: “როდესაც შენი თანამებრძოლები შენ გვერდზე აღარ არიან და შენ აპელირებ და ლაპარაკობ ხალხის ენით, ამას სხვა აღარაფერი ჰქვია, თუ არა ბოლშევიზმი. ეს სცენები არის სამარცხვინო. ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ხდება ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დაიშალოს პარტია. რამდენიმე დღის წინ იყო საუბარი ექვსეულზე. ექვსეულის გაფორმების შემდეგ გამიჯვნა მოხდა იმიტომ, რომ შეიქმნა ერთი ფრთა, რომელიც ემორჩილება ექვსეულის გადაწყვეტილებას და არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ემორჩილება მეორე. ეს გაყრა პრაქტიკულად მოხდა. ნაციონალური მოძრაობა უკვე გაყოფილია. ეს მოინდომა ამ ხალხმა, როდესაც შექმნა არალეგიტიმური ორგანო. ამიტომაც ფრაქცია უკვე გაყოფილია”, – განაცხადა რატიანმა.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდანვე მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ირკვევა, დაპირისპირება უფრო ადრე დაიწყო. საჯარო სივრცეში მიმდინარე დაპირისპირებიდან და ცალკეული განცხადებებიდან ჩანს, რომ პარტიაში ორი დაპირისპირებული ბანაკი არსებობს: ერთ პოზიციაზე არიან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე და პარტიის დეპუტაციისა თუ მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. დაპირისპირების მეორე მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებთან (ლევან ვარშალომიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი) და სხვა ლიდერებთან ერთად.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილს საჯაროდ დაუჭირა მხარი ნიკა მელიამაც, რის შემდეგაც საპარლამენტო ფრაქციის იმ წევრებმა, ვინც ბოკერია-უგულავას ბანაკს უჭერს მხარს, ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადაყენება მოინდომეს. სწორედ ამ საკითხზე უნდა ემსჯელათ მათ პარლამენტში, თუმცა საპატიმროდან ახლად გათავისუფლებული გიგი უგულავას თხოვნით, ამ საკითხის განხილვა გადაიდო. ფრაქციის შემდეგი სხდომა არ არის ჩანიშნული.

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გაჩენილი უთანხმოების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ყველა ღონეს იხმას დაპირისპირების მოსაგვარებლად, რადგან პირადად თავს ვალდებულად მიიჩნევს, იმოქმედოს ვითარების დასაძლევად.

“ჩვენ გავითვალისწინეთ გიგი უგულავას, ახლად გამოსული პოლიტპატიმრის თხოვნა, რომ კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ რესურსი, დასრულდეს”, – თქვა ელენე ხოშტარიამ. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ “გიგი უგულავა არ არის შემრიგებელი ადამიანი, ის გიგა ბოკერიას მხარეა” და მას ნდობას არ უცხადებს.

9 იანვრის დაპირისპირებასა და ნიკა მელიას ფრაქციის თავმდჯომარეობიდან გადაყენების მცდელობას წინ უსწრებდა სერგო რატიანის ნაბიჯი – მან ცესკოს მიმართა, რომ ენმ-ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან ამოირიცხონ შემდეგი წევრები: ნინო კალანდაძე, ეკა ხერხეულიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, დავით კირკიტაძე,  ნუგზარ წიკლაური, ომარ მეგრელიძე და ირაკლი ნადირაძე. ამ სიის ექვსეული იმ კომისიის შემადგენლობაში შედიან, რომელმაც 20 იანვარს ენმ-ის დაგეგმილი ყრილობის საორგანიზაციო საკითები უნდა მოაგვარონ, თუმცა კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს პარტიის პოლიტსაბჭოს ბოკერია-უგულავა-რატიანი, ბაქრაძის ჯგუფი. ცესკოს ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

უფრო ვრცლად ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არსებული დაპირისპირების შესახებ წაიკითხეთ აქ. გაიგეთ, რა ძირითად საკითხებზე ვერ თანხმდებიან ენმ-ის ლიდერები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com