ახალი ამბები

კუბლაშვილი: ოთხი წელია არ გვქონია მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის ფაქტი

5 ოქტომბერი, 2012 • 1214
კუბლაშვილი: ოთხი წელია არ გვქონია მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის ფაქტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომამდე კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ დღეს, დილით “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვია კანონი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის შესახებ, იგი მასთან მივიდა სახლში და ესაუბრა კონკრეტულ საარჩევნო დავაზე:

 

“ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას და კონკრეტული ადამიანი მიიღებს იმ ფინანსურ ჯარიმას, რაც არის გათვალისწინებული კანონით”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

თუმცა იუსტიციის საბჭოში შეხვედრის დასრულების შემდეგ კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ეს საკითხი უნდა განიხილოს იმ სასამართლოს თავმჯდომარემ, სადაც აღნიშნულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ აკონკრეტებს იმ მოსამართლისა და “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლის ვინაობას, რომლებსაც შეეხებათ კონკრეტული საკითხი. კუბლაშვილის თქმით, აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ რეგიონში.

 

“ეს ფაქტი არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი და ჩვენ უკვე ოთხი წელია არც ერთი ასეთი ფაქტი არ გვქონია, არავის მოუმართავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის და ჩვენთვის მოსარათლესთან უკანონო კომუნიკაციის თაობაზე, ამიტომ ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ასეთი ფაქტი თავიდანვე იყოს შეფასებული ძალიან მკაცრად და ადეკვატურად. ყველა პროცედურა მიმდინარეობს კანონის მიხედვით. აღნიშნული საქმე განხილული უნდა იყოს ადგილობრივი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ. ის სავარაუდოდ განიხილება და გადაწყვეტილება გამოვა მომავალ კვირაში. ჩვენ ვგმობთ ამ ფაქტებს და სასამართლოს მიმართ ასეთი მიდგომა არის ყოვლად დაუშვებელი და ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში ყველა ფორმას გამოვიყენებთ, რომ სასართლომ იმუშაოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

მისივე თქმით, კანონი ითვალისწინებს, რომ საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და ასევე გამოძიების სტატდიაზე, აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეების, დაინეტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაცია.

 

დღეს დილით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებს განუცხადა იმ საკითხების შესახებ, რაზეც იგი ელჩებს ესაუბრა:

 

“ბოლო დროს გარკვეული პოლიტიკური ძალის მხრიდან ძალიან ხშირად ისმის გარკევული მუქარა სასამართლოს სისტემის მიმართ და მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე მინდა განვაცხადო, რომ სასამართლო სისტემა არანაირად არ არის დაკავშირებული და არ ჩაერევა არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ ცვლილებებში, მაგრამ, იმავდროულად, სასამართლო სისტემა გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მოსამართლეებმა და მთლიანად სასამართლომ იმუშაოს პოლიტიკური ჩარევების გარეშე, ნებისმიერი მუქარისა და დაშინების გარეშე. ეს ინფორმაცია მივაწოდე და მათაც აღნიშნეს ის, რომ არავითარ შემთხვევწაში არ უნდა მოხდეს ასეთი ზეწოლები. სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ცვლილებებისგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი