საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე, შორაპანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამ მონაკვეთზე მოძრაობა 6 იანვარს, ღამით შეწყდა ჩამოწოლილი მეწყერის გამო – სოფელ შორაპანთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ამ შეზღუდვის გამო გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის სავალ ნაწილზე ჩამოვიდა 8000-მდე კუბი მიწა-კლდის ნაშალი, საიდანაც 100 ტონამდე დიდი ზომის ქვები იყო, რამაც კიდევ გაართულა სამუშაო პროცესი. ადგილზე მუშაობდა 15 -მდე ერთეული სპეცტექნიკა.