ახალი ამბები

მაღლაფერიძე: არ ვაპირებ, სკეპტიკოსებს მჭევრმეტყველებაში გავეჯიბრო

6 იანვარი, 2017 • 45904
მაღლაფერიძე: არ ვაპირებ, სკეპტიკოსებს მჭევრმეტყველებაში გავეჯიბრო

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის რანგში პირველ კომენტარს აკეთებს და მის მიმართ გახმიანებულ კრიტიკულ შეფასებებს პასუხობს. მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სკეპტიკოსებს აქვთ უფლება, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, თუმცა გეგმავს, რომ მის პოლიტიკურ წარსულთან და გავლენასთან დაკავშირებულ კითხვებს საქმით უპასუხოს:

“პოლემიკაში შესვლა არაფერს გვაძლევს. მხოლოდ ჩვენი თითოეული ნაბიჯი იქნება ამ სკეპტიკოსებისათვის პასუხი. და თუ ჩვენ, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გადავდგამთ ამ ნაბიჯებს, ეს იქნება პასუხი. და თუ ვერ გადავდგამთ, მე არ ვაპირებ, რომ მჭევრმეტყველებაში გავეჯიბრო სკეპტიკოსებს.” – ამბობს GPB-ის ახალი გენერალური დირექტორი.

ვასილ მაღლაფერიძე 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის, GDS-ის გადაცემა 2030-ის გენერალური პროდიუსერი იყო. 2012 წელს კი, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირეტორის მოადგილე. 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო 2005-2008 წლებში – სახელმწიფო რწმუნებული. ის ასევე მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში.

5 იანვარს შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, ყველაზე დიდხანს გასაუბრება სწორედ მასთან გაგრძელდა, რადგან საბჭოს წევრებს უფრო მეტი შეკითხვა მის პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით ჰქონდათ. საბჭოს წევრის, ქეთევან სხილაძის თქმით, მაღლაფერიძის პოლიტიკური საქმიანობა წარსულში კითხვის ნიშნებს აჩენს – რამდენად შეძლებს დაძლიოს გავლენები, თუმცა მაღლაფერიძე დარწმუნებულია, რომ ზეგავლენისაგან თავისუფალი იქნება.

მაღლაფერიძე საკუთარ გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზრის ძირითადი მოთამაშე უნდა გახდეს:

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა დაიწყოს ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ბაზრის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე მედიაბაზარზე. ორშაბათიდანვე უნდა აღვწეროთ სიტუაცია და ჩავატაროთ ინვენტარიზაცია, რომ ვიცოდეთ, რა შესაძლებლობები გაგვაჩნია. ვაპირებთ გრძელვადიანი გეგმის გაკეთებას, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ყველა აქტივობა.

რასაკვირველია, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ნიუსრუმი, სადაც მზადდება ახალი ამბები და სხვა გადაცემები.” – ამბობს მაღლაფერიძე “მოამბესთან” საუბარში.

ვასილ მაღლაფრიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ძალიან მაღალი ინტელექტუალური რესურსი და მას სჭირდება სწორად ორგანიზება. ის არ გამორიცხავს საკადრო ცვლილებებსაც.

გენერალურ დირექტორად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაღლაფერიძე დღეს, 6 იანვარს, 6 ხმით აირჩია. მაუწყებელს ის მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი