NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის (All Star) ინტერნეტ-გამოკითხვაში ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში ფორვარდებს შორის მე-2 ადგილს იკავებს. გამოკითხვის შუალედური შედეგები NBA- მ დღეს, 5 იანვარს გამოაქვეყნა.
ზაზა ფაჩულიას 439,675 ხმა აქვს და ფორვარდებს შორის (რომლებიც ამ კონკურსში მისი უშუალო კონკურენტები არიან) თავის კონფერენციაში მხოლოდ თანაგუნდელ კევინ დურნატს ჩამორჩება.
ხმის მიცემის პროცესი გრძელდება და 16 იანვარს დასრულდება, ხოლო NBA-ის საკალათბურთო ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი თებერვალში გაიმართება.
ხმის მიცემა შესაძლებელია რამდენიმე გზით, მათ შორის NBA-ის ვებგვერდიდან და აპლიკაციიდან, Google-დან, ტვიტერიდან, ფეისბუკიდან. იმისათვის, რომ თქვენთვის სასურველ მოთამაშეს ხმა მისცეთ, საჭიროა სოციალურ ქსელში, სტატუსში ან კომენტარში აკრიფოთ ჰაშტაგი #NBAVote და შემდეგ კალათბურთელის სახელი და გვარი [24 საათში ერთხელ].
გამოკითხვის შედეგები გადაწყვეტს, რომელი მოთამაშეები დაიწყებენ ყველა ვარსკვლავის მატჩს ძირითად შემადგენლობიდან, სათადარიგო მოთამაშეებს მწვრთნელები შეარჩევენ.
სულ აირჩევა 5 მოთამაშე თითო კონფერენციიდან (აღმოსავლეთი და დასავლეთი)- 3 ფორვარდი და ორი მცველი. წელს პირველად, გარდა ფანებისა, ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელების შერჩევის პროცესში მედია და NBA-ის მოქმედი კალათბურთლებიც მონაწილეობენ. შესაბამისად, გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში ასევე მნიშნელოვანი იქნება ის, თუ ვის მისცემენ ჟურნალისტები და კალათბურთელები ხმას. კონკურსზე ფანებს მხოლოდ 50%-იანი გავლენა აქვთ, მეორე 50%-ს კალათბურთელები და ჟურნალისტები შეავსებენ. შემდეგ NBA ამ ყველაფერს დაითვლის და ასე გამოვლინდება All Star-ის მონაწილეთა ვინაობა.
All Star, იგივე ყველა ვარსკვლავის მატჩი არის მხოლოდ ერთი თამაში წლის განმავლობაში, რომელშიც NBA-ის ყველაზე პოპულარული ათლეტები მონაწილეობენ.
ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანია. იგი NBA-ში, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ლიგადაა აღიარებული, 2003 წლიდან თამაშობს. წელს ფაჩულია გოლდენ სტეიტის რიგებში გამოდის. ეს გუნდი ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია კლივლენდ კავალიერსთან ერთად. ფაჩულია წელს თითო თამაშში საშალოდ 5.2 ქულას, 5.8 მოხსნასა და 2.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.