ხათუნა იოსავას თქმით, მან არ იცის, ამჟამად ზურაბ ადეიშვილი სად იმყოფება და დატოვა თუ არა მან საქართველო.
“დღეს სამსახურში არ მინახავს და ვერც ტელეფონზე ვუკავშირდები. ყოველთვის პირადად ვეკონტაქტებოდი. არც მისი გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება მინახავს”, – განაცხადა ხათუნა იოსავამ.
ზურაბ ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელია, რომელმაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003 წელს დაიკავა

იუსტიციის მინისტრის პოსტი, 2004 წელს დაინიშნა სახელმწიფო უშიშროების მინისტრად, აღნიშნული სამინისტრო კი მოგვიანებით გაუქმდა. 2004 წელს ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორი გახდა და ამ თანამდებობაზე 2008 წლამდე იმუშავა, 2008 წელს კი ხელმეორედ დაიკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი.
ზურაბ ადეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კოალიაცია “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა.
ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს, რათა გაგვერკვია, მიმართა თუ არა გადადგომის შესახებ განცხადებით ადეიშვილმა მათ, თუმცა აღნიშნულ უწყებებში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.




