ახალი ამბები

შსს: დანაშაული ადრეც ხდებოდა

4 ოქტომბერი, 2012 •
შსს: დანაშაული ადრეც ხდებოდა

ბოლო ორი დღის მანძილზე სადისტრიბუციო კომპანიის დაყაჩაღებამ და პროკრედიტ ბანკის ფილიალის ძარცვამ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე საფუძველი ჩაუყარა მოსაზრებების გავრცელებას, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კრიმინოგენული სიტუაცია საქართველოში დამძიმდა.

 

“პროკრედიტ ბანკის” მარკეტინგის სამსახურის მენეჯერის, ანა სხილაძის ინფორმაციით, დღეს, 4 ოქტომბერს, დაახლოებით 09:40 საათზე, თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე ბანკის ოფისში უცნობი პირი შევიდა იარაღის გარეშე, რომელმაც მუქარის შემდეგ ერთ–ერთი ოპერატორის უჯრიდან თანხა ამოიღო და მიიმალა. ანა სხილაძე ამბობს, რომ “ძარცვა” ყოველთვის დიდ მასშტაბებთან ასოცირდება, ეს კი იყო ინციდენტი.

 

“შემიძლია გავიხსენო შემთხვევები, როცა სხვა ბანკის ფილიალი იარაღით დააყაჩაღეს და თანამშრომელიც დაჭრეს, ეს შემთხვევა ამ მასშტაბის ნამდვილად არ იყო”,– ამბობს ანა სხილაძე. ის ასევე აცხადებს, რომ მას უჭირს რაიმე კავშირის პოვნა აღნიშნულ ინციდენტსა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შორის.

 

ანა სხილაძის თქმით, ძარცვიდან მალევე მოვიდნენ სამართალდამცავები და დაიწყეს გამოძება, ფაქტი დაფიქსირებულია სათავლთავლო კამერებზე და მიმდინარეობს გამოძიება. ბანკის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, გატაცებული თანხის ოდენობას ვერ დაასახელებს. მისივე ინფორმაციით, “პროკრედიტ ბანკმა” დიდი ხნის წინ თქვა უარი ფილიალებში დაცვის სამსახურის წარმომადგენლების ყოფნაზე, რადგან მათ იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდათ და თუ ძარცვა იქნებოდა, ისინი ეფექტურები ვერ იქნებოდნენ.

 

შსს–ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეუძლებელია 3–4 დღის მონაცემებით იმაზე საუბარი, დანაშაულმა იკლო თუ მოიმატა. მისი თქმით, ამის შესაფასებლად უფრო ხანგრძლივ პერიოდზე დაკვირებაა საჭირო. რაც შეეხება ბრალდებას პოლიციელთა უმოქმედობაზე, აღნიშნულს შსს კატეგორიულად არ ეთანხმება.

 

უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სალომე მახარაძის თქმით, გახმაურებული ძარცვის ორივე შემთხვევაზე დაუყოვნებლივ  დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება. შსს–ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დანაშაული ადრეც ხდებოდა და მას სამართალდამცავები იძიებდნენ და, შესაბამისად, მოხდება აღნიშნულ შემთხვევებშიც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი