ახალი ამბები

ჯემალ ანანიძე ბათუმის მერი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გახდა

4 ოქტომბერი, 2012 • 2024
ჯემალ ანანიძე ბათუმის მერი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გახდა

კენჭისყრის დასრულების შემდეგ საკრებულოს დარბაზში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა” უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ტაშის ხმა გაისმა.

ბათუმის საკრებულოს წევრმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა, რომ მას პიროვნულად ჯემალ ანანიძესთან პრობლემა არ აქვს: „მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ ემზადებით პროვოკაციისთვის. ყოფილიყო ის მერის მოვალეობის შემსრულებელი. გამოტყდით, რა არის თქვენი ჩანაფიქრი, პროვოკაციები არ გამოგივათ.“ –  მიმართა მან საკრებულოს უმრავლესობას.  დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა და მანამდე ბიუროს სხდომაც მოულოდნელად დაინიშნა.

საკრებულოს სხდომაზე რეპლიკის უფლება ითხოვა  ოპოზიონერმა  დეპუტატმა, ჯუმბერ კობალაძემ და საკრებულოს დეპუტატებს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირათ  ჯემალ ანანიძის კანდიდტურისთვის, ან  თავად ჯემალ ანანიძეს  მოეხსნა კანდიდატურა. ამ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე  გამოეხმაურა: „ამდენი  ლაპარაკი თუ იცოდით,    აქამდე სად იყავით, ბატონო ჯუმბერ?“ კირთაძის რეპლიკამ  დარბაზში  უმრავლესობის  მხიარულება და უმცირესობის გაღიზიანება  გამოიწვია.

ჯემალ ანანიძეს სხდომაზე ორი შეკითხვა დაუსვეს, ამათგან ერთ-ერთი ანბანის კოშკის  ფუნქციონირებას, მეორე კი კვლავ პიაცის გაყიდვას ეხებოდა. ირაკლი ჩავლეიშვილი  კითხვების დასმას  კიდევ აპირებდა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ შეაწყვეტინა:  „ვიცი, ბატონო ირაკლი, რატომ აკეთებთ ამას, თავს იწონებთ უკანა რიგში მსხდომ პოლიტიკოსებთან.“

საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ   კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც  მალე უმაღლესი საბჭოს  დეპუტატები გახდებიან: გია მასალკინი, ავთანდილ ბერიძე, აკაკი ძნელაძე და  მედეა ვასაძე. სხდომის დასასრულს  „ნაციონალირი მოძრაობის“ წარმომადგენელს ალექსანდრე ჩხარტიშვილსა და სხდომაზე სტუმრის სტატუსით მყოფ  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაიწყო დაპირისპირება. „სუფრაზე ჩვენ გვიჭერ მხარს  და აქ რა მოხდა, რატომ დაუჭირე  მხარი?“ – ასეთი იყო „სტუმრების“ პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“  წევრის მისამართით.

სხდომა ხმაურითა და „კონსერვატორ“  მამული ჟღენტის  რეპლიკით  დასრულდა: „ცუდი პანაშვიდი გექნებათ ძალიან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი