ახალი ამბები

CNN: დებატებში მიტ რომნიმ გაიმარჯვა

4 ოქტომბერი, 2012 •
CNN: დებატებში მიტ რომნიმ გაიმარჯვა

აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წინ კიდევ ორი დებატები აქვთ, მომდევნო დებატი 16 ოქტომბერს ნიუ–იორკში უნდა გაიმართოს.

The New York Times-ის ცნობით, მიტ რომნიმ პრეზიდეტი ობამა დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვერ შეძლო აშშ–ის გამოყვანა დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისიდან. რაც შეეხება ობამას, მან ამერიკელ ამომრჩეველს მეტი მოთმინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აშშ–ის ამჟამინდელი ეკონომიკური პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება ნელი ტემპით მიმდინარე ეკონომიკურ პროგრესს შეაჩერებს.

The New York Times–ი წერს, რომ  საგადასახადო პოლიტიკაზე, საბიუჯეტო დეფიციტსა და მთავრობის როლზე აგრესიული კამათისას ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა მიკიბ–მოკიბვასა და ამომრჩევლის დეზინფორმირებაში.

იგივე გამოცემა არჩევნებამდე 5 კვირით ადრე გამართულ დებატებს ადარებს ბიზნეს–კონსულტანტებისა და კოლეჯის პროფესორების მიერ გამართულ სემინარს.

The New York Times–ი ასევე აღნიშნავს, რომ ორივე კანდიდატი ამტკიცებდა, რომ სწორედ მას შეუძლია გააუმჯობესოს საშუალო კლასის ეკონომიკური მდგოამრეობა აშშ–ში, თუმცა მათი დისკუსია უფრო მეტად შეეხებოდა ერთმანეთის ნაკლზე საუბარს, ვიდრე საკუთარი იდეების ამომრჩევლამდე მიტანას.

The Wall Street Journal–ის ინფორმაციით, დებატებისას რომნიმ განაცხადა, რომ ის გააუმჯობესებს ეკონიმიკას, გადახედავს საგადასახადო კოდექსს, გააუქმებს ობამას ჯანდაცვის პროგრამას, რაც სავალდებულო დაზღვევას გულისხმობს, ასევე, შეიტანს ცვლილებას კანონმდბელობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი ფინასნური ვარდნა და შემცირდეს დეფიციტი, თუმცა მას არ უხსენებია კონკრეტული საშუალებები, თუ როგორ მოახერხებს ამას.

“ერთი მხრივ, ამერიკელმა ხალხმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: მიზეზი იმისა, რომ გუბერნატორი რომნი ასე  მალავს  ყველა გეგმას, ის ხომ არ არის, რომ ყველა ეს გეგმა ძალიან კარგია, ან საშუალო ფენის ოჯახების სარგებელი ძალიან მაღალი იქნება? რა თქმა უნდა, არა!”, – ციტირებს ბარაკ ობამას The Wall Street Journal–ი.

CNN-მა საპრეზიდენტო დებატების დამთავრებიდან მალევე გამოაქვეყნა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები. ტელეარხმა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგადაც დებატების მაყურებლების 67% მიიჩნევს, რომ დებატებში გაიმარჯვა მიტ რომნიმ.

“1984 წლიდან, ანუ მას შედმეგ, რაც პირველად დაიწყო დებატების მაყურებელთა გამოკითხვა, პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს არ მიუღია 60%–მდე მხარდაჭრა”, – აცხადებს CNN-ის გამოკითხვების დირექტორი.

CNN-ის ცნობით, გამოკითხული მაყურებლების ნახევარმა განაცხადა, რომ დებატების შედეგად ვერ გადაწყვიტეს, ვის მისცემენ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას. 35%–ის განცხადებით, დებატების შედეგად გადაწყვიტა, რომ ხმა მისცეს მიტ რომნის, ობამას მხარდაჭერა კი მხოლოდ 18%–მა გადაწყვიტა.

გამოკითხულები ერთხმად აცხადებენ, რომ დებატებში მიტ რომნი უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ბარაკ ობამა.

CNN-ის მიერ გამოკითხული ადამიანების 82% აცხადებს, რომ მიტ რომნი დებატებისას იმაზე კარგად გამოჩნდა, ვიდრე ელოდნენ, ხოლო, ხუთიდან მხოლოდ 1 მიიჩნევს, რომ ობამა მოსალოდნელზე კარგად გამოიყურებოდა დებატებისას.

CNN-ის  გამოკითხვების დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები ასახავს მხოლოდ დებატების მაყურებლების დამოკიდებულებას და არა მთელი ამერიკის მოსახლეობის, გარდა ამისა, ის უშვებს, რომ შემდეგ დღეებში შესაძლოა მაყურებელთა დამოკიდებულება დებატებისადმი შეიცვალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი