ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური “რუსთავი 2”- ის დავალიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30 დეკემბერი, 2016 • 2178
შემოსავლების სამსახური “რუსთავი 2”- ის დავალიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის მიერ სამსახურისთვის ოფიციალურად მიმართვის შემთხვევაში, სადაც დავალიანების დაფარვის ზუსტი გრაფიკი იქნება წარმოდგენილი, შემოსავლების სამსახური განიხილავს წინადადებას  კომპანიის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადის გადავადების თაობაზე.

ტელეკომპაია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რადგან რუსთავი 2-სა და მის მეწილე TV საქართველოს ყადაღა ადევს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, კომპანიის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს და ამ ეტაპზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გატარებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, “რუსთავი 2”-ს  სამჯერ გადაუვადეს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადა.

“რუსთავი 2-მა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს პირველი ოფიციალური წერილით  მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მომართა და ითხოვა, საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა 22 ოქტომბრამდე არ განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ  „სამაუწყებლო კომპანია 2-ის“ მიერვე დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 481 869 ლარს.  ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გადამხდელის ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. კომპანიამ აღნიშნული საგადასახადო დავალიანება დაფარა. გადამხდელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ასევე, ოფიციალური წერილის საფუძველზე იმავე თხოვნით 2016 წლის 17 ნოემბერს მომართა და ვადის გადაწევა 26 ნოემბრამდე მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა, თუმცა ამჯერად, “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა“ მითითებულ ვადაში საგადასახადო დავალიანება ვერ დაფარა.

მესამედ, სამაუწყებლო კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წერილით  2016 წლის 28 ნოემბერს მიმართა და მოითხოვა, საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა არ განხორციელებულიყო 2016 წლის 10 დეკემბრამდე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა. კომპანია რუსთავი 2-ის მიერ  აღნიშნული დავალიანება არ დაფარულა და 15 დეკემბერს კომპანიას დაერიცხა ახალი ვალდებულებები. სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამ ეტაპზე კომპანიის დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს”,- ნათქვამია გავრცელებულ გნცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი