ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსოებიც ერთვებიან

ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“ბოლო პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში გაზრდილი აქტიურობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე გაითვალისწინებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს. დღეისათვის ბლუმბერგით ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს და მომავალში, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამავდროულად, ეროვნული ბანკი თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს.

“მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს კურსებს თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი დაემატება. შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისათვის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის”, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com