ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: სატელევიზიო მედიაჰოლდინგის შექმნას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს

28 დეკემბერი, 2016 • 4417
ირაკლი რუხაძე: სატელევიზიო მედიაჰოლდინგის შექმნას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს

ტელეკომპანია ‘მაესტროზე” საინფორმაციო გამოშვება არ გაუქმდება. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ განუცხადა. რუხაძე დღეს მაესტროს შენობაში იმყოფებოდა.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში წერია, რომ “პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს”. ჟურნალისტების კითხვას, კანონის ამ ჩანაწერის პირობებში როგორ შეინარჩუნებს “მაესტრო” საერთო მაუწყებლობას, თუ საინფორმაციო გამოშვებას იმედიც დაიტოვებს, რუხაძე პასუხობს:

“ჩვენ ასე არ ვუყურებთ იმ კანონს. ჯერ ერთი, ეს არის უაზრო და უტვინო კანონი, მაგრამ ჩვენ არ ვუყურებთ ასე, რომ ეს კანონი ასე  ცალსახად იკითხება და ჩვენ უნდა გავაუქმოთ… მაესტროში საინფორმაციო [გამოშვების] გაუქმება არ იგეგმება”,- განაცხადა რუხაძემ

მისი თქმით, საქართველოს სჭირდება მსხვილი ტელეჰოლდინგები, რათა მოხდეს რესურსების კონცენტრაცია:

“GDS ჩვენ მოგვაქვს როგორც გასართობი არხი. გვაქვს გეგმები, თუ რას გავაკეთებთ ამასთან მიმართებაში და სხვა არხებსაც ვაპირებთ, მარტო ეს არ არის. ვაპირებთ ახალი არხების გაკეთებას, ზოგის ნულიდან [დაწყებას], ზოგის – შეძენას, თუ იქნება საინტერესო შემოთავაზება. ჩვენ კიდევ უფრო გავმსხვილდებით.

მაესტრო, ისევე როგორც უამრავი ტელევიზია საქართველოში, არის უაღრესად წამგებიანი კომპანია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პატარა ტელევიზია წამგებიანია. როცა ტელევიზია წამგებიანია, შემდეგ ჩნდება კითხვა: რატომ ინახავს მას მფლობელი? სწორედ ამიტომ ხდება ჩვენთან ტელეარხების პოლიტიზაცია, ანუ მფლობელი არხს ინახავს არა იმიტომ, რომ მოგება ნახოს, როგორც ბიზნესი უნდა იყოს, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. აქედან გამოსვლის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა, ანუ პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ტელევიზია იყოს მომგებიანი. მაესტროს შანსი არ აქვს, რომ თავისით ყოფილიყო [მომგებიანი], მაგრამ იმედთან, ჯი-დი-ესთან და კიდევ სხვა არხებთან ერთად, მას შესაძლებლობა უჩნდება იმიტომ, რომ ერთი და იგივე რესურსის გადანაწილება მოხდება სხვადასხვა არხის მიმართ”, – განაცხადა რუხაძემ.

იგი უარყოფს, რომ “იმედის” მიერ სატალევიზიო ჰოლდინგის შექმნის გადაწყვეტილება პოლიტიკასთან და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ეს არის ბიზნეს-გადაწყვეტილება.

“არანაირ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. მე არ ვარ პოლიტიკოსი. ამ არხის მფლობელი [ინა გუდავაძე] საქართველოშიც კი არ ცხოვრობს და საქართველოს პოლიტიკაში რა ხდება, დარწმუნებული ვარ, თქვენზე უფრო ცუდად იცის. ეს არის სრულიად ბიზნეს-გადაწყვეტილება”, – თქვა რუხაძემ.

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელი ინა გუდავაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკვშირებით წარმატებით დასრულდა. ინა გუდავაძის თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება მოლაპარკაებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი