ახალი ამბები

ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღით მღვდელი დაჭრეს

25 დეკემბერი, 2016 • 45465
ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღით მღვდელი დაჭრეს

24 დეკემბერს, ღამით, ვაკეში მღვდელი გიორგი (ერისკაცობაში ომარი) ცნობილაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. სასულიერო პირს ფეხის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი, თინი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, მღვდელი წყნეთის ქუჩაზე, საკუთარი ავტოფარეხის წინ დაჭრეს.

როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურმა აცნობა, გიორგი ცნობილაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში მიყენებული ჰქონდა ორი ჭრილობა. სასწრაფოს გარე კომუნიკაციების მენეჯერის ცნობით, მღვდელს ჩაუტარდა პირველადი დახმარება, ხოლო მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გიორგი ცნობილაძე ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შს სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე [იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე] და 118-ე [ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.] მუხლით მიმდინარეობს. საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი