ახალი ამბები

ივანიშვილი: ძალიან ცუდ დღეშია მანანა ბერიკაშილი

1 ოქტომბერი, 2012 • 934
ივანიშვილი: ძალიან ცუდ დღეშია მანანა ბერიკაშილი

“სპეკულაცია თქვენი მხრიდანაა, ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი. იქ დღეს ადვოკატებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, ცხედარს არ აძლევენ ოჯახს და თქვენ სპეკულირებთ ამ საკითხით და ასე უხეშად სვამთ ამ კითხვას. ძალიან გთხოვთ, ყველას, ისწავლეთ და გააცნობიერეთ, რომ ეს თქვენი ქვეყანაა და იზრუნეთ მასზე, თქვენი კითხვა, მე უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს და გეუბნებით, ასეთი ვიქნები სულ, ყოველთვის მიგითითებთ, როდესაც კორექტულები არ იქნებით.

 

ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელი, უამრავი ხალხი დაარბიეს, ძალიან ცუდ დღეშია მანანა ბერიკაშილი, რამდენჯერმე ვესაუბრე, ბავშვის ცხედარს არ აძლევენ ოჯახს, ადვოკატებს არ უშვებენ მამასთან, ორი ადვოკატია ნაცემი და ამ დროს, ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში, თქვენ ობიექტურ გშუქებას უნდა მიეჩვიოთ, ჩვენ ამ საქმეს მალე გავხსნით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 სექტემბერს, კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგაში “ქართული ოცნების” კოორდინატორის ოჯახში 10 თვის ბავშვი ქვევრში ჩაგდებული იპოვეს, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

“ქართული ოცნების” გურჯაანის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ბავშვი მოკლულია:

 

“ბავშვი ჯერ გაიტაცეს, შემდეგ ქვევრში ჩააგდეს და თავსახური დაახურეს. მე ვიცი რამდენი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოჯახს. ოჯახის წევრები ვერ მოისყიდეს და თავის მხარეზე ვერ გადაიყვანეს, ფულიც კი შესთავაზეს და მას შემდეგ, რაც ვერაფერს გახდნენ, ასე გაუსწორდნენ ოჯახს”.

 

აღნიშნულ საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

 

“კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი მანანა ბერიკაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას. სამწუხაროა, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ასეთი სენსიტიური, ტრაგიკული შემთხვევა გახდა პოლიტიკური სპეკულაციების თემა”, – ამ განცხადებით გამოეხმაურა შსს გუშინ გურჯაანის სოფელ კოლაგაში მომხდარ ფაქტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი