ახალი ამბები

მიტროპოლიტი ზოსიმე: სინოდს შორენა თეთრუაშვილისა და ოხანაშვილის საკითხებზე არ უმსჯელია

22 დეკემბერი, 2016 • 23058
მიტროპოლიტი ზოსიმე: სინოდს შორენა თეთრუაშვილისა და ოხანაშვილის საკითხებზე არ უმსჯელია

დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმემ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სინოდს არ უმსჯელია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილისა და პატრიარქის დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის საკითხების შესახებ.

“დიდი მსოფლიო კრების დადგენილებებზე იყო საუბარი. იქ არის ზოგიერთი გაურკვევლობანი დასაზუსტებელი და კომისია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით.”

ჟურნალისტების შეკითხვებზე, იმსჯელეს თუ არა პატრიარქის დაცვასთან ან მდივანთან დაკავშირებით, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა.

“კანონიზირება მოხდა, წმინდანად შეირაცხა იღუმენია ნინო ამილახვარი და იღუმენია თამარ მარჯანიშვილი,”-განაცხადა მეუფე ზოსიმემ.

დღეს საპატრიარქოში სინოდის გეგმური სხდომა ჩატარდა. სხდომაზე შესვლამდე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს „რუხ კარდინალობაში“ დასდო ბრალი.

„მთავარი სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ პირველხარისხოვანი პრობლემა მეორეხარისხოვანისგან განვასხვავოთ. მე რასაც ვადევნებ თვალყურს, მეორე, მესამე, მეათეხარისხოვან პრობლემებზეა გადატანილი ყურადღება. მთავარი პრობლემა საქართველოს საპატრიარქოში დღეს არის განუსაზღვრელი ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, ქალბატონის ხელში არსებული, რასაც უკავშირდება არსებული პრობლემების შექმნა, უწესრიგო მდგომარეობა. ამ მთავარ პრობლემას უნდა შევეხოთ, დანარჩენი ადვილად მოგვარებადია. როდესაც აღდგება სამართლიანობა, ყველა მღვდელმთავარი და წმინდა სინოდი თავის უფლება-მოვალეობებს შეასრულებს. აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო და არსებული წვრილმანი პრობლემები აუცილებლად მოგვარდება,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა შორენა თეთრუაშვილის ხელი არსებულ დაპირისპირებაში, მიტროპოლიტი პასუხობს, რომ „აუცილებლად არის“.

„მის ხელში არსებული განუსაზღვრელი ძალაუფლება აუცილებლად არის თავი ამ ყველა პრობლემისა და ე.წ. რუხი კარდინალის მდგომარეობა და ე.წ. ჩრდილოვანი მმართველობა ეკლესიაში, სამწუხაროდ, არსებობს,“- განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი განცხადებით, ეს საკითხი სინოდის სხდომაზე დადგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი