ახალი ამბები

კალაძის თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება

22 დეკემბერი, 2016 • 1667
კალაძის თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზრდა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება და ამ მხრივ ფასის ზრდის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს:

“ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ე.წ. ექსპერტების მხრიდან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტში ტარიფებთან დაკავშირებით და რომ თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება. ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და, სხვათა შორის, გუშინ მათ ამასთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ეს განცხადება მოვისმინეთ, გუშინ განიხილეს თბოსადგურის ტარიფები, სადაც მოხდა ფასის მატება, თუმცა ეს არ ნიშნავს სამომხმარებლო ტარიფის ზრდას. თუ იქნება იმის აუცილებლობა, კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

21 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა, თუმცა, სემეკის განმარტებით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე მიმდინარე წლის 26 დეკემბერს იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი