სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა

21 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა, თუმცა, სემეკის განმარტებით, ეს ავტომატურად არ ნიშნავს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე მიმდინარე წლის 26 დეკემბერს იმსჯელებს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა 343 884 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 9.056 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა -42 256 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი 14.120 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

შპს „მტკვარი ენერჯის“ (N9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა 66 264 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი  12.194 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა;

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (N3,N4 ენერგობლოკები) გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა N3 ენერგობლოკისათვის შეადგინა  17 513 ლარი/დღეზე; N4 ენერგობლოკისათვის – 18 340 ლარი/დღეზე. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი  14.234 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.

სემეკის განცხადებით, გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე, ხოლო მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.